საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, როგორც კი, კერძო კაპიტალი შეგროვდება, სახელმწიფო აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას შეასრულებს.
ასე უპასუხა ქობულიამ bm.ge-ის კითხვას - თუ საუბარია იმაზე, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გარკვეული ვადები დაარღვია, თავის მხრივ, სახელმწიფომაც გააჭიანურა ვალდებულებების შესრულება, რომელიც ანაკლიის პორტამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.
„სახელმწიფო ვალდებულებების გაჭიანურება დაკავშირებულია მხოლოდ იმასთან, რომ ჯერჯერობით, ის მინიმალური საკუთარი კაპიტალი, რომელიც შეტანილი უნდა იყოს კერძო ინვესტორების მიერ, არ არის შეტანილი“ - განაცხადა ქობულიმ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე - „რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა“, ქობულიამ ჯერ თქვა, რომ ტენდერი არ ჩაშლილა, შემდეგ კი, დასძინა:
„შეიძლება განსაზღვრული ტენდერები ჩაიშალა, მაგრამ ეს იყო ტექნიკური ამოცანა. ძირითადი კი არის ის, რომ ჩვენ შევასრულებთ აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას, როგორც კი დავინახავთ, რომ კერძო კაპიტალი შეგროვდა და როგორც კი დავინახავთ, რომ ჩვენ მივიღეთ საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსებაზე თანხმობა“, - განაცხადა მინისტრმა.

























