მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შოკოლაბმა“ საქართველოს რუკის ფორმის შოკოლადის წარმოება დაიწყო

63f47e66e4e6e
სალომე ხიდურელი
22.02.23 10:00
1680
კომპანია „შოკოლაბმა“, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა, საქართველოს რუკის ფორმის შოკოლადის წარმოება დაიწყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მარიამ ედილაშვილი-ტყემალაძე BM.GE-სთან ამბობს, ახალი პროდუქტის მიზანი ქვეყნის პოპულარიზაციაა.

„საქართველოს რუკის ფორმის შოკოლადის შექმნის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა და სულ ორი კვირაა, რაც გაყიდვაში ჩავუშვით. ახალი პროდუქტის მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაა. ვფიქრობთ, ჩამოსულ ტურისტებს ისინი საქართველოში გატარებულ ტკბილ დროს გაახსენებს.

ჯერ თამამად ვერ ვიტყვი, რამდენად მოთხოვნადი იქნება შოკოლადი. უკვე საკმაო კრიტიკაც მოჰყვა, რასაც ველოდით კიდეც. ზოგისთვის მიუღებელია საქართველოს რუკის საკვებად ქცევა, თუმცა ვერ ხედავენ, რომ ეს საქართველოზე ცნობადობის ამაღლებას ემსახურება“, - აღნიშნავს მარიამ ედილაშვილი-ტყემალაძე.

გარდა რუკის ფორმის შოკოლადისა, „შოკოლაბის“ დამფუძნებლის თქმით, კომპანია მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს.

„სხვადასხვა სახის ტკბილეულის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის ნედლეულს ვიყენებთ: ბელგიურ და იტალიურ შოკოლადსა და ქართულ თხილეულსა და ჩირეულს. ვაწარმოებთ თემატურ ფილებს, საბავშვო ფიგურებს, მენდიანტებს, ტრუფელებს, ბონბონებსა და ლოლიპოპებს.

რეალიზება ძირითადად ონლაინ პლატფორმებით ხდება, თუმცა შოკოლადი რამდენიმე ტურისტულ მაღაზიაშიც შეგვაქვს და ვგეგმავთ, რომ სავაჭრო არეალი გავზარდოთ. ტკბილეულის ფასი იწყება 3-ლარიდან და იზრდება შიგთავსის, წონისა და შეფუთვის მიხედვით“, - ამბობს მარიამ ედილაშვილი-ტყემალაძე.

ინფორმაციისთვის, „შოკოლაბი“ ხუთი წლის წინ დამფუძნებლის ინვესტიციით შეიქმნა, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო წარმოება ორი წლით შეაჩერეს. კომპანია ამ ეტაპზე ოთხ ადამიანს ასაქმებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ხშირად ხდება დამატებითი კადრების მობილიზება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები