მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შოკოლადი ნაღებით, ქალი, კაცი" - "გალერეა ვერაზე" ქეთი დავლიანიძის გამოფენას მასპინძლობს

5c0f7c72a5501
BM.GE
11.12.18 12:57
1591
11-15 დეკემბერს, „გალერეა ვერაზე“ მხატვარ ქეთი დავლიანიძის გამოფენას უმასპინძლებს, ორიგინალური კომპოზიციებით და არანაკლებ ორიგინალური სახელწოდებით - „შოკოლადი ნაღებით, ქალი, კაცი“.

ამის შესახებ bm.ge-ის ორგანიზაციიდან „ქალები მომავლისთვის“ აცნობეს.

„ბოლო ორი თვის აქტიური მუშაობის შედეგად, ვერაზე მდებარე მყუდრო გალერეასთან თანამშრომლობითა და დახმარებით, ქეთიმ უმშვენიერესი, დახვეწილი ნამუშევრების სერია შექმნა. კომპოზიციების უმეტესობა ტილოზე, ზეთის საღებავებითა და აკრილითაა შესრულებული, გარდა ამისა, გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი რამდენიმე გრაფიკულ ნამუშევარსაც იხილავს.რაც შეეხება გამოფენის ორიგინალურ სახელწოდებას, როგორც თავად ხელოვანი ამბობს, მსგავსი სახელის შერჩევა მისი თბილისისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა განაპირობა.

„რადგანაც კომპოზიციების უმეტესობა სიყვარულსა და ურთიერთობებზეა, გამოფენასაც ჩემი ერთ-ერთი ნამუშევრის სახელი „ქალი, კაცი“ ვუწოდე და გავაერთიანე ნაღებიან შოკოლადთან, რომელიც ტკბილია, გემრიელია და ჩემში თბილისის კოლორიტულ სულთან ასოცირდება. კომპოზიციები განსხვავებული ტექნიკითაა შესრულებული, თუმცა მათ საერთო თემატიკა აერთიანებთ - ქალისა და მამაკაცის ურთიერთობები და ამაღლებული, თბილი განწყობა. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოფენის სტუმრები აქედან დადებითი ემოციებით დამუხტულები წავლენ“.

რთულია, ამაში არ დაეთანხმო - მთელი იმ სილამაზის, სიმსუბუქისა და ჯადოსნური ფერების ხილვის შემდეგ, რომლითაც სავსეა მისი თითოეული ნახატი. თითოეულ კომპოზიციას სულ სხვა სამყაროში გადაყავხარ - უფრო ჰაეროვანში, სიყვარულითა და სინაზით სავსეში...

მხატვრობა მისთვის პროფესიაზე ბევრად მეტია. როგორც თავად აღნიშნავს, ხატვა პირდაპირ კავშირშია მის სულიერ განვითარებასთან. სხვადასხვა სამსახურში იყო დასაქმებული, რადგან ხელოვანებისათვის არც არასოდეს ყოფილა ადვილი ცხოვრებაში მატერიალური სტაბილურობის მიღწევა. თუმცა, დღესდღეობით უკვე მიაღწია იმდენს, რომ მხოლოდ საყვარელი საქმით იყოს დაკავებული და თავისი მართლაც გამორჩეულად დადებითი და თბილი ენერგია უშურველად გაუნაწილოს მისი შემოქმედების მოყვარულებს, რაც, თავისთავად უდიდესი ბედნიერებაა... ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაც ხომ ესაა - ტკივილისგან განკურნოს ადამიანის სული და თავშესაფარი აპოვნინოს მას. სწორედ ამიტომ, კითხვაზე - „შემოქმედებითი თვალსაზრისით, რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად?“ ასე პასუხობს:
„ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატებაა, რომ ადამიანებს მოსწონთ ჩემი ნამუშევრები და მათი შეძენის სურვილი უჩნდებათ. ისინი ჩემს ნახატებს საკუთარი ყოველდღიურობის ნაწილად აღიქვამენ, გრძნობენ ჩემს ენერგეტიკას და შესაბამისად, უჩნდებათ სურვილი, ახლოს იყვნენ ჩემს ნამუშევრებთან. ეს ყველაზე მეტად მახარებს“.
მისი შემოქმედების მთავარი მახასიათებელი მუდმივად სიახლისა და განვითარებისაკენ სწრაფვაა. ქეთი, როგორც ხელოვანი, ყოველდღიურად იცვლება და იხვეწება. როგორც თავად აღნიშნავს, უყვარს სიახლეები, ექსსპერიმენტები, მრავალფეროვანი მასალით მუშაობა. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ფერწერა და გრაფიკა არასოდეს მოძველდება და მუდამ აქტუალური იქნება.

„ფერწერული ნამუშევრის კედელზე დაკიდება არაა ისეთი უმნიშვნელო ამბავი, რომ ოდესმე დავაკნინოთ. რაც შეეხება მასალას, ამ მხრივ მუდმივად სიახლისაკენ ვისწრაფვი და ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ რასაც მივაღწიე - ეს არაა ჩემი მაქსიმუმი. ჯერ კიდევ იმდენ შესაძლებლობას და რესურსს ვგრძნობ ჩემში, რომ არ მინდა, მიღწეულით დავკმაყოფილდე.“

საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული ცხოვრების და არაერთი სირთულის მიუხედავად, რომლის გადატანაც უკვე განვლილ გზაზე მოუხდა, ბედნიერია, რომ განგებამ ხატვის ნიჭით დააჯილდოვა. ხელოვნება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შვება და თავშესაფარია.

რაც შეეხება უახლოეს სამომავლო გეგმებს, გაზაფხულზე მასშტაბური პერსონალური გამოფენის მოწყობას გეგმავს და მოუთმენლად ელის ამ დღეს. როგორც ამბობს, უყვარს საკუთარ გამოფენებზე დასწრება, რადგან ამ დროს დამთვალიერებელი ვერ „იტყუება“ და მხატვარსაც შესაძლებლობა ეძლევა, მათი გულწრფელი ემოციები დაინახოს. მისი კრეატიულობიდან და გამორჩეულად დახვეწილი მანერიდან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ საკუთარი დამთვალიერებლის თვალებში ხშირად დაინახავს გულწრფელ აღტაცებას და სიხარულს, რომელიც მის თბილი ფერებითა და ემოციებით სავსე ნახატებს მოაქვს...“, - ნათქვამია პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები