მიმდინარე კვირას ნიუ-იორკის სასაქონლე ბაზარზე კაკაოს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 1 ტონა კაკაო $5 876-ად არის შეფასებული. შესაბამისად, შოკოლადის წარმოებისთვის მთავარი ინგრედიენტის ფასი, ერთი წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგდა. ნედლეულზე გაზრდილი ფასები კი საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზეც აისახება - ამის შესახებ BBC იტყობინება.
შოკოლადის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა Hershey-მ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც იგი მომხმარებელს პროდუქტზე ფასების შესაძლო გაზრდის შესახებ აფრთხილებს.
კაკაოს ფასების ზრდაზე გასულ თვეშიც საუბრობდნენ შოკოლადის მწარმოებლები, მათ შორის, ევროპაშიც. ბრიტანული Cadbury-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ამ საკითხზე იანვარში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფასები იზრდება შაქარზეც. ამასთანავე, BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის მასშტაბით, ზოგიერთ შოკოლადზე ფასები წლის განმავლობაში, მინიმუმ 50%-ით გაიზარდა.
კაკაოზე ფასების ზრდის მიზეზი კი დასავლეთ აფრიკაში მცირემოსავლიანობაა. ეს რეგიონი გლობალური მარაგის მთავარი კონტრიბუტორია, თუმცა არასახარბიელო კლიმატური პირობებისა და, ელ-ნინიოს გლობალური ფენომენის გამო, განასა და კოტ-დ’ივუარიში, კაკაოს მარცვლების უმსხვილეს მწარმოებლებში, ნიადაგი ჩვეულებრივზე უფრო გამომშრალია.