მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„შოკოტელამ“ გაფართოებისთვის 150 000 ლარის ინვესტიცია მიიღო

6195fc28aca20
ვიქტორია მღებრიშვილი
18.11.21 11:06
1023
პანდემიამ ადამიანების ცხოვრება რომ შეცვალა, ამაზე მთელი მსოფლიო უკვე შეთანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისმა ძალიან ბევრი უარყოფითი ფაქტორი გააჩინა, მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებმაც პანდემია ახალი შესაძლებლობებისთვის გამოიყენეს და საკუთარი ბიზნესიც წამოიწყეს. ერთ-ერთი მათგანი „Shark Tank საქართველოს“ გამარჯვებული - მარიამ კაპანაძეა.

როგორც თავად ამბობს, 8 წლის განმავლობაში ის ბორტგამცილებლად მუშაობდა და საკუთარი საქმის პროფესიონალი იყო, თუმცა პანდემიის გამო მთელს მსოფლიოში ფრენები შეჩერდა და ისიც სამსახურის გარეშე დარჩა.

„როდესაც ვფიქრობდი თუ რა შეიძლება გამეკეთებინა გამახსენდა, რომ მოგზაურობის დროს ყოველთვის მიყვარდა შოკოლადის დაგემოვნება, თუმცა საქართველოში ჩემთვის მისაღები ხარისხის და გემოს პროდუქტი ნაკლებად შემხვედრია. სწორედ ამან მიბიძგა ხელნაკეთი შოკოლადის დამზადებისკენ“, - გვიყვება მარიამ კაპანაძე.

თავდაპირველად „შოკოტელა“ სატესტო რეჟიმში გაეშვა, თუმცა მომხმარებლების დაინტერესება მოკლე პერიოდში მოახერხა და ახლა მას უკვე ერთგული მყიდველებიც ჰყავს. ხელნაკეთ შოკოლადს დაახლოებით 16-18 საათი სჭირდება დასამზადებლად. როგორც მარიამ კაპანაძე ამბობს, შოკოლადი ბელგიური ან ფრანგულია, თხილი კი - ქართული. „შოკოტელას“ ბევრი საჩუქრად ყიდულობს, თუმცა ზოგიერთ მომხმარებელს ისე მოსწონს, რომ უკვე პირადი მოხმარებისთვისაც არაერთხელ გამოუყენებიათ.

„სანამ Shark Tank-ში მივიღებდი მონაწილეობას, ვცდილობდი იდეა დამეტესტა, გამეგო რამდენად მოეწონებოდა პროდუქტი მომხმარებელს. შემდეგ უკვე ინვესტორზე ფიქრი დავიწყე. მეგობარმა მითხრა პროექტის შესახებ და მეც დავინტერესდი, ვიდეო ჩავწერე და გავაგზავნე. დიდი მოლოდინები არ მქონია, თუმცა როდესაც დამირეკეს ძალიან გამიხარდა, რამდენიმე ეტაპი გადავლახე და უკვე გადაცემაშიც მოვხვდი“, - ამბობს მარიამ კაპანაძე.
მისი თავდაპირველი შეთავაზება 150 000 ლარის სანაცვლოდ 35%-იანი წილის გაყიდვა იყო, მოლაპარაკების შედეგად კომპანიის წილი 50%-მდე გაიზარდა და მისი “Shark” “ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა.

არსებული თანხით მარიამი დანადგარების შეძენას და ადამიანების დასაქმებას აპირებს. მისი თქმით, 10 წელიწადში „შოკოტელა“ ყველა სეგმენტში უნდა იყოს წარმოდგენილი. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გვიყვება, უახლოეს პერიოდში ხელნაკეთ შოკოლადს საცალო მაღაზიების დახლებზეც ვიხილავთ, შორეული გეგმები კი ექსპორტია, თავდაპირველად მეზობელ ქვეყნებში.

როგორც მარიამი ამბობს, საქართველოში მსგავს პროდუქტს მხოლოდ 2-3 კომპანია ამზადებს, თუმცა ფერების, მასალისა და დიზაინის დამსახურებით, „შოკოტელა“ ყველასგან განსხვავებულია. სანამ უცხოეთის ბაზრებზე გავა, სურს საქართველოში დასახულ ყველა მიზანს მიაღწიოს.

მართალია საქართველოში მისი კონკურენტების რაოდენობა ბევრი არ არის, თუმცა გლობალურ მასშტაბზე გასასვლელად მარიამს თავდაუზოგავი შრომა მოუწევს. Mordor Intelligence-ის კვლევის მიხედვით ამჟამად, შოკოლადის ბაზარი ყველაზე დიდი ტემპებით, აზია-წყნარი ოკეანის აუზში ვითარდება, უმსხვილესი ბაზარი კი ევროპაა. რაც შეეხება მსხვილ მოთამაშეებს : Modelez International, Ferrero, Nestle, Mars და Hershey's გლობალურ ბაზარზე ამინდს სწორედ ეს კომპანიები ქმნიან. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2019 წელს ამ რიცხვმა $130.5 მილიარდს მიაღწია, 2025 წლამდე კი მისი გაზრდა $182 მილიარდამდე იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები