მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოვის გენგეგმა უნდა გაუქმდეს - ნინო ჩხობაძე

მწვანეები

შოვის გენგეგმა უნდა გაუქმდეს - ამის შესახებ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

მისი თქმით, კურორტის გენგეგმა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შოვის სტიქიის შესახებ მომზადებული შეფასების დოკუმენტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს. როგორც გარემოს დამცველმა აღნიშნა, სტიქიის არეალში შოვის გენგეგმის მიხედვით, იურიდიულად, მშენებლობები დაშვებულია, მაგრამ დასკვნის დოკუმენტი ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაუშვებლად მიიჩნევს.

„[გარემოს ეროვნული სააგენტოს] დასკვნაში ნათლად წერია, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც განვითარდა სტიქია, არავითარ შემთხვევაში არანაირი ტიპის ინფრასტრუქტურული მშენებლობა არ შეიძლება. ქართველები უნდა მივეჩვიოთ, რომ როცა ვამბობთ, არ შეიძლება, ესე იგი, არ შეიძლება. თქვენ იცით, რომ სტიქიამდე რამდენიმე თვით ადრე დამტკიცდა შოვის გენგეგმა, რომელიც იურიდიულად დღესაც მოქმედია და შენობების აშენება დღესაც შეიძლება იურიდიულად. მაგრამ გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში მკაფიოდ წერია, რომ არ შეიძლება მშენებლობა, ვინაიდან კიდევ შესაძლებელია ღვარცოფული ნაკადის ჩამოსვლა, ამ დოკუმენტის საფუძველზე საკრებულოს მიერ მიღებული ეს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

კითხვაზე - უნდა მიეღოთ თუ არა საკრებულოს შოვის გენგეგმა იმ სახით, რა სახითაც დამტკიცდა, სპეციალისტი ამბობს, რომ მაშინ გარემოსდაცვით ფაქტორებს საკმარისი ყურადღება არ დაეთმო.

„კანონში ზოგადი ჩანაწერია, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტს შეეძლო - სავალდებულო არ იყო - მიემართა სამინისტროსთვის და ჩაეტარებინა სტრატეგიული გარემოს ზემოქმედების შეფასება, იქიდან გამომდინარე რომ იქ სამი წლით ადრე იყო წყალდიდობა. არ ჩაატარეს, არც მიმართეს, არც დასვეს საკითხი. მთელი განხილვა საკრებულოში დაეთმო იმას, ვის რა ტერიტორია ეკუთვნოდა, მხოლოდ ეს აინტერესებდათ. ეს არის ის, რასაც ვიმკით დღეს“, - განმარტა ნინო ჩხობაძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, შოვში, სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია.

შოვში, სტიქია 2023 წლის 3 აგვისტოს მოხდა. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებულმა სტიქიამ კურორტზე 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 32 და დაკარგულად ითვლება 1 ადამიანი.

შეგახსენებთ, შოვის გენგეგმა 2022 წლის ბოლოს დამტკიცდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები