მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შოვის კურორტის განვითარებით რეგიონში ყოველწლიურად 56 ათასამდე დამსვენებელს მოვიზიდავთ"

5c742fcbcc9b7
ელენე გოგბერაშვილი
26.02.19 09:35
3747

უძრავი ქონების განვითარების კომპანია "სიმეტრია" რაჭაში, შოვის კურორტის განვითარებას იწყებს. კომპანიამ უკვე გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება ყაზახურ ბიზნეს ჯგუფთან, რომელიც კურორტის ტერიტორიის 60%-ს ფლობს.

"სიმეტრიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი bm.ge-თან საუბარში განმარტავს, რომ კურორტი შოვის განვითარებისთვის სამომავლოდ 60 მილიონამდე ინვესტიციის მოზიდვა არის გათვალისწინებული. კურორტის განვითარებით კი რეგონში ყოველწლიურად 56 ათასამდე საშუალო და მაღალშემოსავლიანი დამსვენებლების აყვანა იქნება შესაძლებელი.

"სიმეტრიის" გუნდმა დაასრულა ორწლიანი მოლაპარაკებები და გააფორმა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს, კურორტი შოვის განვითარების წინამოსამზადებელ სამუშაოებს. შოვი ისტორიულად იყო კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც აუცილებლად შეინარჩუნებს ფუნქციას.

კვლევები ადასტურებს, რომ ამ კურორტის განვითარებით რეგიონში ყოველწლიურად ავიყვანთ 56 ათასამდე საშუალო და მაღალშემოსავლიან დამსვენებელს, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ლოკომოტივს რაჭის განვითარებაში და ამ რეგიონს მოუტანს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

ის, რაც ჩვენს გუნდს ყველაზე მეტად ამოტივირებს და სახელმწიფოებრივადაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ მსგავსი ტიპის პროექტები აუცილებლად შეასრულებენ ერთგვარი შემაკავებელი ბარიერის ფუნქციას მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ", - აცხადებს გიორგი ჯახუტაშვილი.

"სიმეტრია" პირველ ეტაპზე კურორტის ტერიტორიის საფუძვლიანად გამოკვლევას გეგმავს, რაშიც ავსტრიელი და გერმანელი კონსულტანტები ჩაერთვებიან.

"სიმეტრიას" მიზანი არის არა კონკრეტულად ერთი, თუნდაც მაღალი კლასის სასტუმროს განვითარება, არამედ მთლიანად შოვის კურორტის განვითარება. კურორტი შოვი არის უნიკალური კურორტი, რადგან აქ თავმოყრილია 16 მინერალური წყალი, 3 მწვერვალით გარშემორტყმული ტერიტორია და არის უნიკალური კლიმატურ-ბალნეოლოგიური პირობები.

ჩვენ დასაწყისში ვაპირებთ თანამშრომლობას ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც დააგეგმარებს ამ კურორტს. ის მინერალური წყლები, რომელიც ტერიტორიაზეა განთავსებული, ვაპირებთ შევასწავლინოთ გერმანელ ბალნეოლოგებს. გაიწერება შესაბამისი პროცედურები, რასაც კურორტის ფუნქციონირებისას გამოვიყენებთ.

საინვესტიციო პროექტის მომზადებისას ჩვენს გვერდით დგას დიდი ოთხულის წევრი კომპანია Ernst and Young, რომელთან თანამშრომლობითაც ვგეგმავთ ამ პროექტის განხორციელებას", - აცხადებს "სიმეტრიას" დირექტორი ტარიელ გაბუნია.

"ჩვენ საქართველოში 2006 წლიდან ვიმყოფებით. უკვე რამდენიმე წელია კომპანია "სიმეტრიასთან" ვთანამშრომლობთ. დავდეთ მათთან შეთანხმება იმ აქტივების განვითარებაზე, რაც გვაქვს. ძირითადად, ეს არის კურორტი შოვი. კომპანია "სიმეტრიას" მაღალი პროფესიონალიზმი ახასიათებს და ამ ხნის განმავლობაში, ძალიან სანდო ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა, რაც დადებით გავლენას მოახდენს ამ პროექტის განვთარებაზე", - აცხადებს ევრაზიაინვესტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ტემირჟან მეირამბეკოვი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები