მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შოვის ტერიტორიაზე ცხოვრება არ შეიძლება” - გეოგრაფი

შოვი

“შოვის ტერიტორიაზე ცხოვრება არ შეიძლება” - ამის შესახებ პროფესიით გეოგრაფმა და კომპანია "გეოგრაფიკის" დამფუძნებელმა გიორგი გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე არსებული ინფორმაცია საკმარისი არ იყო იმის დასადგენად, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის მასშტაბების რისკი წინასწარ ყოფილიყო ცნობილი.

“ახლა გახდა ცნობილი, რომ ასეთი მასშტაბის პრობლემა შეიძლება არსებობდეს [შოვში]. პატარა ღვარცოფები, რომლებიც ჩამოდიოდა ისტორიულ წარსულში, ასევე კვლევის მიდგომები, არ იყო საკმარისი, რომ ეს თავიდან აგვერიდებინა.

ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც მანდ დაიწყო, იმაზე ბევრად დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოდგენა. მანამდე მცირე პროცესები ყოველთვის იყო, რომელიც ასევე ყოველთვის ექვემდებარებოდა მართვას, ახლა უფრო დიდი პროცესები დაიწყო, რისთვისაც არ ვართ მზად, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანაც”, - აცხადებს გეოგრაფი.

გიორგი გოცირიძე ასევე აღნიშნავს, რომ წინასწარი განგაშის სისტემები გამოსავალი არ არის და იქ, სადაც მათი საჭიროება არსებობს, ადამიანისთვის დაძინება საერთოდ არ შეიძლება.

“ადრეული შეტყობინების და განგაშის სისტემები არ არის პანაცეა, არ არის გამოსავალი, საზოგადოებამაც უნდა გაიაზროს და გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა, რომ სადაც ადამიანი იძინებს, ის ადგილი არ შეიძლება სისტემაზე იყო დამოკიდებული. სისტემა უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ, სადაც რისკი არსებობს საერთოდ არ უნდა დაიძინო. ხოლო თუ არ გვაქვს ჯერ რისკი გამოკვლეული, კარგად უნდა გამოიკვლიო, ოღონდ ახალი მიდგომებით, რომლებსაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები გვთავაზობენ”, - ამბობს გიორგი გოცირიძე.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, გასულ ზაფხულს შოვში მომხდარი სტიქიის მასშტაბიდან, ასევე მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მანძილის გათვალისწინებით, განგაშის სისტემა დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ეფექტური ვერ იქნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები