მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შოვში მიწის აუქციონები და პრობლემური მიწების გასხვისება შეჩერდება” - რა დაპირება მიიღეს ყაზახმა ინვესტორებმა

61842daec0b7f
ანუკა ჯოხაძე
04.11.21 22:55
1108
ყაზახი ინვესტორები შოვში უკვე წლებია ტურისტული კომპლექსის მოწყობას ცდილობენ. საუბარია 50 მლნ დოლარის ინვესტიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ "შოვი რეზორტი" კურორტზე მიწის ნაკვეთს ფლობს, ამ დრომდე ადგილზე არსებული სხვადასხვა პრობლემის გამო პროექტს ვერ იწყებს.

მიმდინარე წლის აგვისტოში ინვესტორმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ პროექტის განხორციელებას შოვის გენგეგმის დამტკიცება აფერხებდა. მათი თქმით, იმის გამო რომ ეს დოკუმენტი ამ დრომდე არ დამტკიცებულა, იდგა საშიშროება რომ კურორტზე ქაოსური განაშენიანება დაწყებულიყო. შესაბამისად, ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც მაშინ ინვესტორს ჰქონდა იყო ის, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების აუქციონები დროებით შეჩერებულიყო.

როგორც დღეს BM.GE-თან პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი ფაილოძე აცხადებს, სახელმწიფოსთან კომუნიკაცია შედგა და მათ მიიღეს დაპირება, რომ შოვში დროებით, იქამდე სანამ ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმა არ დამტკიცდება, მიწის აუქციონები შეჩერდება.

“გენგეგმის დამტკიცების და შეთანხმების პროცესი ბიუროკრატიულ პროცესებთან არის დაკავშირებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ აქტიურობის და მიმართვის შედეგად ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა ცენტრალურ მთავრობასთან. ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ეს გენგეგმა მალე შეთანხმდება. სახელმწიფოს მხრიდან გვაქვს სრული მზადყოფნა ამ პროექტის განხორციელებაში. იქ უნდა მოხდეს გენგეგმის შეთანხმება, რომ ქაოსური განაშენიანება არ დაიწყოს. იმის გათვალისწინებით, რომ კურორტი არის რეგიონული მნიშვნელობის და ჩვენი ხედვა არის, რომ შოვის ერთიანი განვითარება მოხდეს, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ტერიტორიების ათვისებაც. თუმცა ჯერ შეთანხმება უნდა შედგეს ჩვენსა და სახელმწიფოს შორის. ამის შემდეგ კი გასხვისდეს სხვა ტერიტორიები, რისი მომხრეებიც ვართ. დაპირება გვაქვს, რომ აუქციონები აღარ გაიმართება და პრობლემური მიწების გასხვისებაც დროებით შეჩერდება, შესაბამისად, ისიც მოექცევა კანონიერ ჩარჩოებში.”-ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი ფაილოძე.

კითხვაზე თუ რატომ გაჭიანურდა შოვის გენგეგმის დამტკიცება, რომელზეც მუშაობა როგორც ინვესტორი კომპანია აცხადებს, 2019 წლის ნოემბერში დაიწყო, პასუხი არ გვაქვს. თუმცა ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი სანდრო ონოფრიშვილი აცხადებს, რომ პროცესი აქტიურია და უახლოეს პერიოდში კურორტს გენგეგმა ექნება. მისი განმარტებით, მტკიცდება ინვესტორის შეთავაზებული პროექტიც, შესაბამისად, კომპანიას ადგილზე სამუშაოების დაწყების პრობლემა აღარ აქვს.

“რაც შეეხება პრობლემას, რომელზეც ინვესტორი საუბრობს, ვგულისხმობ კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმას, ის უკვე მოამზადა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გადაგზავნილია თვითმმართველ ორგანოში. კანონის შესაბამისად მათ აქვთ ვადა განიხილონ ეს დოკუმენტი და დაამტკიცონ. ამის შემდეგ კი უკვე გვექნება სრულფასოვანი განაშენიანების რეგულირების გეგმა, თუმცა მე მოვუწოდებ ინვესტორს, რომ დაიწყოს უკვე საქმიანობა, იმიტომ რომ ეს გეგმა აუცილებლად გაკეთდება.”-ამბობს სამთო საკითხებში ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი სანდრო ონოფრიშვილი.

ცნობისთვის, შოვის კურორტის ტერიტორიის 60% ყაზახი ინვესტორების ჯგუფმა ჯერ კიდევ 2006 წელს შეიძინა. ტერიტორიის მფლობელი კომპანია „შოვი რეზორტი” კურორტის ტერიტორიაზე 130-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, სადაც იქნება რესტორნები, სპა და ბალნეოლოგიური ზონა, გასართობი თუ დახურული სივრცეები. ამავე დროს, ტერიტორიაზე განთავსდება 30-მდე კოტეჯი. როგორც ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები აანონსებენ, თუ პროცესები გეგმის მიხედვით წარიმართება, ადგილზე სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს და 4 წელიწადში დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები