ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება და ადგილზე ასზე მეტი მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. როგორც ქარსელაძე ამბობს, მოხერხდა გარკვეულ არეალებში მისვლაც და იქ სამძებრო სამუშაოების წარმოება.
“შოვს რაც შეეხება, დაგვემატა კიდევ რამდენიმე მდებარეობა და დღეის მდგომარეობით 11 ადგილას მიმდინარეობს მძიმე ტექნიკით სამაშველო ოპერაციები. დაახლოებით 105 ერთეული მძიმე ტექნიკაა ამ პროცესში ჩართული და ისინი 11 მდებარეობაზე მუშაობენ. მოვახერხეთ ის, რომ კოტეჯების არეალში სასადილოსთან მოხერხდა მისვლა მძიმე ტექნიკის მეშვეობით, ასევე მჟავე წლებთან. სამუშაოები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და ნამდვილად თავს დებენ როგორც ჩვენი მაშველები, ასევე ჯარისკაცები",- ამბობს ქარსელაძე
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ცნობილია 24 დაღუპულის შესახებ, 9 ადამიანის ძებნა კი გრძელდება.