შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სემეკის მიერ ტარიფის უფრო მეტად გაზრდას ელოდებოდა. ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი პაპავამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენი მხრიდან მოლოდინი მეტი იყო, რადგან ამოღებულ იქნა გარკვეული ხარჯები, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, თუმცა არსებული ტარიფის მიხედვით კომპანიამ უნდა გადახედოს საკუთარ ბიზნეს გეგმას და ამის მიხედვით მოხდება იმ ვალდებულებების შესრულებაზე ზრუნვა, რა პრიორიტეტებიც არის ორგანიზაციის წინაშე", - განაცხადა პაპავამ.
მისივე თქმით, 2000 წელს როცა გაზის ტრანსპორტირების ტარიფი დადგინდა, 1 ამერიკული დოლარი 1.7 ლარი ღირდა, რაც დღევანდელი რეალობისგან რადიკალურად განსხვავებულია.
"შესაბამისად ამ ტარიფის ცვლილება რომ არ მომხდარიყო, კომპანია ვერ შეძლებდა თავისი საოპერატორო ფუნქციების განხორციელებას", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ სემეკის დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის „გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ტარიფის სახით, დღგ-ის გარეშე, 1.884 ლარი დაუდგინდა.
“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ოპერირებას უწევს სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” კუთვნილ მაგისტრალურ გაზსადენებს და მის ინფრასტრუქტურას, რომლის მეშვეობით საქართველოს მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას 3 ძირითადი მიმართულებიდან ახორციელებს - აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზის საბადოებიდან და რუსეთიდან, ასევე უზრუნველყოფს გაზის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკაში.

























