მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შრომის ბაზარზე მოთხოვნა დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის კადრებზეა"

5afadcc23128b
თათია ჩაფიჩაძე
15.05.18 17:11
688
"საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნა დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე კადრებზეა", - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ევროკავშირის დახმარებით ვაკანსიების მონიტორინგის შესახებ ჩატარებულ კვლევაშია საუბარი. კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა და ის 2017 წლის ნოემბერში დაიწყო.

კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ მოთხოვნა პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებზე შედარებით მაღალია რეგიონებში და განსხვავდება კონკრეტული რეგიონის სპეციფიკის მიხედვით; შეუვსებელი ვაკანსიების უმრავლესობა კი მოითხოვს პროფესიულ განათლებას.

ეროვნულ დონეზე უხეში განზოგადებით, დამსაქმებლების 58% სამუშაოს მაძიებლისგან ითხოვს საბაზისო განათლებას, 25% - პროფესიულ განათლებას, 9% - უმაღლეს განათლებას, ხოლო 8% განათლებას მნიშვნელობას არ ანიჭებს.

კვლევის შედეგების მიხედვით არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც დამსაქმებლებს წარმოექმნებათ პრობლემები ვაკანსიების შევსებასთან დაკავშირებით. კანდიდატებს ან არ გაუვლიათ შესაბამისი ტრენინგები და აკლიათ კვალიფიკაცია, ან რეგიონში არ არსებობს გარკვეული უნარ-ჩვევების მქონე სამუშაო ძალა.

მეორე მიზეზი, რომლის გამოც ვაკანსიები შეუვსებელი რჩება, არის მძიმე სამუშაო პირობები და დაბალი ხელფასები. მიუხედავად ამისა, დამსაქმებლები არ ზრუნავენ ზემოაღნიშნულის გაუმჯობესებაზე და ცდილობენ, დაიქირაონ კანდიდატები დაბალი კვალიფიკაციით და შეარჩიონ ისინი სხვა რეგიონებიდან.

ტექნიკური დახმარების პროექტი “EUVEGE” დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით. პროექტი მხარს უჭერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს ადამიანური რესურსების გადამზადებაში, პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მართვაში, ასევე რეფორმების შეფასებასა და განხორციელებაში.

კვლევის მიზანია, სააგენტოს მუნიციპალური ერთეულების ბაზაზე ევროკავშირში აპრობირებული ე.წ. ვაკანსიების მონიტორინგის (vacancy monitoring) მეთოდი დაინერგოს. მიდგომა გულისხმობს, რომ სააგენტოს თანამშრომლები რეგულარულად ამყარებენ კავშირს დამსაქმებლებთან და მოიპოვებენ მათგან ინფორმაციას ადრინდელი, მიმდინარე თუ სამომავლო ვაკანსიების შესახებ. სამომავლოდ კვლევებს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი რეგულარულად ჩაატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები