მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შრომის ბაზრის დაკვეთა – უმაღლესი განათლება ტრანსფერული უნარების გარეშე?

შრომის ბაზრის ანალიზი 2026 – კვლევა, რომელსაც გუშინ ირაკლი კობახიძე პრეზენტაციის დროს დაეყრდნო, სრულად ჯერაც არ არის ხელმისაწვდომი და არც ვიცით, უფრო ვრცელ კვლევას საერთოდ ვნახავთ თუ არა. რაც ხელმისაწვდომია, ეს მხოლოდ 12–გვერდიანი ფაუერფოინთის პრეზენტაციაა.

“ანალიტიკა”–მ სულ რაღაც დაახლოებით ერთი თვის წინ, ამ 12–გვერდიან პრეზენტაციაზე გაცილებით ღრმა კვლევა გააშუქა, რომელიც ამ დრომდე დევს ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე და გაცილებით უფრო მოცულობითი და დეტალურია.

აქვე შეგვიძლია ვახსენოთ საქართველოს ბიზნესასოციაციის ასოციაციის – BAG-ის ინდექსი – 29–გვერდიანი კვლევა, რომელიც გაცილებით კომპლექსურია და არა მხოლოდ ბიზნესის მოლოდინებს თუ მოთხოვნებს წვდება, არამედ – კონტექსტსაც დეტალურად აანალიზებს.

ეკონომიკური პროგნოზები & მსხვილი პროექტების მოლოდინი

თუმცა, უმაღლესი განათლების კონცეფცია და ჯამში, განათლების რეფორმაც, ამ 12–გვერდიან ფაუერფოინთს დაეფუძნა. პრეზენტაციაში ყველაზე საგულისხმო ალბათ მაინც ბოლო 2 გვერდია, რომელიც რაოდენობრივად აანალიზებს მოთხოვნა–მიწოდებას ჩარიცხვებისა და კურსდამთავრებულების ურთიერთმიმართების ჭრილში.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ 2026 წელს კერძო სექტორში დაახლოებით 26 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

შესაბამისად, პროგნოზია, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მიმდინარე წელს 960 ათასამდე გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის 1 მილიონს გადააჭარბებს.

ანალიზის მიხედვით, 2025 წელს, 2021 წელთან შედარებით, დასაქმების ზრდა შეადგენს 151 ათასს, ხოლო კოვიდ პანდემიის ეფექტის გამორიცხვით - პანდემიამდელ ტრენდთან შედარებით ზრდა დაახლოებით 96 ათასია. ამ კვლევის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 6%-ის ფარგლებში იქნება. ასევე არის მითითება, რომ მოდელში გათვალისწინებულია დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები: ანაკლიის პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ვაზიანის ახალი აეროპორტი და სხვა მსხვილი პროექტები.

სიმპტომების აღწერა სტრატეგიის ნაცვლად: დროითი აცდენის რისკი

მე მინდა, გაგიზიაროთ ჩემი პერსონალური ანალიზი. ვფიქრობ, კერძო და საჯარო უნივერსიტეტებში სწავლების 20 წელზე მეტის გამოცდილება და ბიზნესმედიაში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება მაძლევს იმის საშუალებას გაგიზიაროთ, რა მიმაჩნია პრობლემურად.

ეს 12–გვერდიანი პრეზენტაცია უმაღლესი განათლების რეფორმისთვის უფრო მეტად „სიმპტომების აღწერას“ ჰგავს, ვიდრე „მკურნალობის სტრატეგიას“: როდესაც სახელმწიფო ცდილობს განათლების სისტემა მხოლოდ შრომის ბაზრის მიმდინარე რაოდენობრივ მაჩვენებლებს დააფუძნოს, ის გარკვეულწილად ინდუსტრიული ეპოქის მახეში ებმება, სადაც ადამიანი მხოლოდ ეკონომიკური ფუნქციის შემსრულებლად არის განხილული. მთავარი პრობლემა აქ დროითი აცდენაა: უნივერსიტეტი გრძელვადიანი ინსტიტუციაა, ბიზნესის მოთხოვნა კი ხშირად მყისიერი და ცვალებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელ დეფიციტზე მორგებული სასწავლო პროგრამა კურსდამთავრებულს ოთხ წელიწადში შესაძლოა უკვე მოძველებული ცოდნითა და ავტომატიზებული უნარებით ხელში დახვდეს.

მაგალითად: თუ დღეს კვლევა ამბობს, რომ გვაკლია 1,050 ბუღალტერი და ჩვენ რეფორმით გავზრდით ადგილებს ამ ფაკულტეტზე, ეს სტუდენტები ბაზარზე 3–4 წლის შემდეგ გამოვლენ. ამ პერიოდში ტექნოლოგიამ (მაგ. AI-იმ) შესაძლოა ბუღალტერიის 80% ავტომატიზებული გახადოს. გამოდის, სახელმწიფო მწირ რესურსს დახარჯავს იმაში, რომ მოამზადებს კადრებს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც უკვე გადაჭრილი ან მოძველებული იქნება მათი გამოსვლის მომენტისთვის.

უმაღლესი განათლება vs. პროფესიული მომზადება

ჩარიცხვა-კურსდამთავრებულების ანალიზი გვეუბნება იმას, რაც ისედაც ვიცოდით: განათლების სისტემა მუშაობს უფრო მეტად წარმოებისთვის და არა მოხმარებისთვის. და რიგ შემთხვევებში, ის აწარმოებს იმას, რაზეც არის სოციალური მოთხოვნა – დიპლომი და არა იმას, რაზეც არის ეკონომიკური საჭიროება – უნარები.

აქ უკვე შეგვიძლია თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ ანალიზი თავისი არსით და სტრუქტურით ბევრად უფრო პირდაპირ და ადეკვატურად პროფესიული განათლების გამოწვევებს პასუხობს, ვიდრე უმაღლესი განათლებისას. ამ დოკუმენტის მთავარი ღირებულებაა, რომ ის ახდენს შრომის ბაზრის ინვენტარიზაციას — ზუსტად აღწერს, სად არის ცოცხალი სამუშაო ძალის დეფიციტი აქ და ამჟამად.

უმაღლესი განათლება კი თავისი ბუნებით უფრო კომპლექსურია — ის უნდა პასუხობდეს არა მხოლოდ დღევანდელ ვაკანსიებს, არამედ ქმნიდეს სამეცნიერო ბაზას და ინოვაციურ პოტენციალს. ეს დოკუმენტი უნივერსიტეტს სთავაზობს მხოლოდ რაოდენობრივ შეკვეთას და ვერ აძლევს ორიენტირს ხარისხობრივ განვითარებაზე, კვლევით საქმიანობასა თუ აკადემიურ სიღრმეზე. როდესაც რეფორმა მხოლოდ ამ რიცხვებს ეყრდნობა, უმაღლესი განათლება რისკავს, დაკარგოს თავისი მთავარი მისია და დავიდეს ჩვეულებრივი პროფესიული მომზადების დონეზე, ოღონდ უფრო გაწელილი ვადებითა და ნაკლები ეფექტურობით.

რეალურად, დოკუმენტი გვეუბნება, რომ ჩვენს ეკონომიკას დღეს უფრო მეტად „კვალიფიციური შემსრულებლები“ სჭირდება, ვიდრე „თეორეტიკოსი ბაკალავრები“, რაც თავისთავად ყველაზე ძლიერი არგუმენტია პროფესიული განათლების პრიორიტეტულობის სასარგებლოდ.

ადაპტურობა & ტრანსფერული უნარები

ბიზნესმედიაში 10 წელზე მეტმა მუშაობამ თუ რამე მასწავლა, ეს წლების განმავლობაში ბიზნესის მოსმენა და მისი განვითარების დინამიკაზე დაკვირვებაა. დღეს ადამიანები მუშაობენ არა სპეციალობით, არამედ უნარების ნაკრებით (Skill Sets). მაგალითად, ფილოლოგი შეიძლება იყოს წარმატებული მონაცემთა ანალიტიკოსი, რადგან მას აქვს სტრუქტურული აზროვნება.

ეს 12–გვერდიანი პრეზენტაცია ითვლის „ეკონომისტებს“, „ინჟინრებს“ და „იურისტებს“. ის ვერ ხედავს ტრანსფერულ უნარებს, რომლებიც ადამიანს საშუალებას აძლევს, პროფესია 3-4-ჯერ შეიცვალოს ცხოვრების განმავლობაში. სინამდვილეში, შრომის ბაზარი არის არა სტატიკური აუზი, არამედ უფრო – მდინარე. მაგალითად: თუ კვლევა ამბობს, რომ გვაკლია 500 მარკეტოლოგი, ის ვერ ითვალისწინებს, რომ ხვალ 500 ფსიქოლოგი ან ჟურნალისტი შეიძლება გადაკვალიფიცირდეს და ეს ადგილი შეავსოს.

რაოდენობრივი დაგეგმვა ვერ ზომავს ადამიანის ადაპტურობას. ის გეგმავს ეკონომიკას ისე, თითქოს ადამიანები რობოტები იყვნენ, რომლებიც ერთხელ დაპროგრამდნენ და სიკვდილამდე ერთ ფუნქციას ასრულებენ. ვფიქრობ, უმაღლესი განათლება უნდა დარჩეს მოქნილ, ე.წ. ეჯაილ ბაზად, რომელიც ადამიანს სთავაზობს აზროვნების ინსტრუმენტებს ნებისმიერი გამოწვევისთვის; ხოლო პროფესიული განათლება უნდა დარჩეს სწრაფ პასუხად — მოკლე, ინტენსიური კურსები მათთვის, ვინც გადაწყვიტა პროფესია შეიცვალოს.

ეკონომიკისა და განათლების სამინისტროების მიერ ერთობლივად შემოთავაზებული ანალიზი რელევანტურია ბიუჯეტის დასაგეგმად და ინფრასტრუქტურული საჭიროებების დასანახად, მაგრამ ის აბსოლუტურად არარელევანტურია ადამიანური კაპიტალის განვითარების სტრატეგიისთვის.

თუ რეფორმას მხოლოდ ამ რაოდენობრივ მაჩვენებლებზე ავაგებთ, ჩვენ მივიღებთ სისტემას, რომელიც აწარმოებს სპეციალისტებს გუშინდელი დღისთვის მაშინ, როცა ხვალინდელი დღე ეკუთვნით მულტიდისციპლინარული უნარების მქონე ადამიანებს.

თვისებრივი ანალიზის საჭიროება & უხილავი ბარიერები

თვისებრივი ანალიზის გარეშე კვლევა კარგავს კონტექსტურ სიღრმეს და პასუხს კითხვაზე — რატომ არის შრომის ბაზარი იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის.

კვლევას აკლდება იმ უხილავი ბარიერების იდენტიფიცირება, რომლებიც ხშირად ხელოვნურად ზრდის ვაკანსიების რაოდენობას. მაგალითად, რაოდენობრივი ანალიზი გვეუბნება, რომ ICT სექტორში არის 850–900 ვაკანტური ადგილი და ბიზნესი კადრებს ვერ პოულობს. სამინისტროები ამ რიცხვს შეხედავენ და გადაწყვეტენ, რომ უნივერსიტეტებში პროგრამისტების ადგილები უნდა გააორმაგონ. თუმცა, თვისებრივი კვლევა — სიღრმისეული ინტერვიუები დამსაქმებლებთან — შესაძლოა სულ სხვა სურათს აჩვენებდეს: პრობლემა არა პროგრამირების ენების ცოდნაში, არამედ კურსდამთავრებულების გუნდური მუშაობის, პრობლემის გადაჭრისა და ინგლისური ენის ცოდნის დაბალ დონეში შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში, ადგილების რაოდენობის ზრდა პრობლემას ვერ გადაჭრის, პირიქით, სისტემა უფრო მეტ დაბალკვალიფიციურ კადრს გამოუშვებს, რომლებიც ისევ უმუშევრები დარჩებიან.

კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი შეიძლება იყოს მომსახურების სექტორი. რაოდენობრივი კვლევა აჩვენებს კადრების მუდმივ დენადობას და ვაკანსიების სიმრავლეს. თვისებრივი ანალიზის გარეშე სახელმწიფო ჩათვლის, რომ ამ სფეროში ხალხს სათანადო განათლება არ აქვს და დააფინანსებს გადამზადების კურსებს.

თუმცა, ფოკუს-ჯგუფები დასაქმებულებთან შესაძლოა გამოავლენდნენ, რომ ხალხი ამ სექტორიდან გარბის არა ცოდნის დეფიციტის, არამედ ტოქსიკური სამუშაო გარემოს, არაადეკვატური გრაფიკისა და დაბალი ანაზღაურების გამო. ამრიგად, თვისებრივი ანალიზის გარეშე სახელმწიფო დახარჯავს რესურსს განათლებაში იქ, სადაც პრობლემა რეალურად შრომის მენეჯმენტში ან ეკონომიკურ პოლიტიკაშია.

საბოლოო ჯამში, თვისებრივი ანალიზის არქონა რეფორმას ართმევს მოქნილობას. ჩვენ ვიღებთ საშუალო არითმეტიკულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ვერ პასუხობს ინდივიდუალურ საჭიროებებს. მაგალითად, ინჟინერიის ფაკულტეტზე შეიძლება ჩარიცხვები იზრდებოდეს, მაგრამ თვისებრივი კვლევის გარეშე ვერ გავიგებთ, რომ სტუდენტები უკმაყოფილონი არიან მოძველებული ლაბორატორიებით, რაც მათ მოტივაციას უკლავს და სწავლის დასრულებამდე სხვა სფეროში გადასვლას აიძულებს.

თვისებრივი ანალიზი არის ის დამამთავრებელი შტრიხი, რომელიც ციფრებს მნიშვნელობას ანიჭებს და სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, განათლების რეფორმა ადამიანზე და მის რეალურ გამოცდილებაზე მორგებული გახადოს.

მიგრაცია & გლობალური კონკურენტუნარიანობა

რეფორმის გატარება, ამ კვლევის მიხედვით, კიდევ უფრო რთულდება იმის გამო, რომ მასში სრულად არის იგნორირებული მიგრაციის ფაქტორი, რაც საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ არ ვითვალისწინებთ, რამდენი კადრი გადის ქვეყნიდან და რა მიმართულებით, ნებისმიერი მცდელობა, რომ ბაზარი „შევავსოთ“, ჰგავს გაჟონვად ვედროში წყლის ჩასხმას. ამას ემატება ისიც, რომ კვლევა ვერ ზომავს პროდუქტიულობას; ის მხოლოდ გვეუბნება, რომ ბიზნესი მზად არის მეტი გადაიხადოს კადრის დეფიციტის გამო, მაგრამ ეს ხელფასების ზრდა არ ნიშნავს მომავლის ეკონომიკურ ნახტომს, თუკი კურსდამთავრებული არ ფლობს იმ ტრანსფერულ უნარებს, რომლებიც მას 21-ე საუკუნის დინამიკურ გარემოში გადარჩენაში დაეხმარება.

მთლიანად ეს ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა მთავარი მიზანი – მაშინ, როცა გლობალიზაციის პირობებში, ამ მიზნის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია – იგებს ის, ვინც კონკურენტულია გლობალურად და არა მხოლოდ – ლოკალურად.

უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების დეფიციტს ბაზარზე არა მხოლოდ არცოდნა, არამედ გადინებაც შეიძლება იწვევდეს. მარტივია: თუ კვლევა გვეუბნება, რომ ბაზარს სჭირდება საშუალოდ 1,000 ინჟინერი, უნივერსიტეტებმა კი ზუსტად 1,000 გამოუშვეს, ერთი შეხედვით ბალანსია. თუმცა, თუ ამ 1,000-დან 40% ევროპაში მიდის სამუშაოდ, ქვეყანაში ისევ დეფიციტი რჩება.

ბიზნესის ამბიცია: ექსპანსია თუ ტრანსფორმაცია?

რამდენიმე სიტყვა ბიზნესზეც საქართველოში – უფრო სწორად განვითარების მისეულ ამბიციაზე და რა შთაბეჭდილებას ტოვებს შრომის ბაზრის ეს ანალიზი.

სტრიქონებს შორის კითხვა ასეთი დასკვნისკენ მიბიძგებს: ბიზნესის ამბიცია ამ ეტაპზე უფრო მეტად ექსპანსიაში (გაფართოებაში) გამოიხატება, ვიდრე ტრანსფორმაციაში. ვაჭრობის დომინირება (28%) იმაზე მიუთითებს, რომ ბიზნესის ძირითადი ამბიცია კვლავ ყიდვა-გაყიდვის მასშტაბების გაზრდაა. ამასთან, 900,000-ზე მეტი დასაქმებული კერძო სექტორში და ვაკანსიების მზარდი რაოდენობა ნიშნავს, რომ ბიზნესი ოპტიმისტურადაა განწყობილი ეკონომიკური ზრდის მიმართ — ისინი აპირებენ მეტი ხალხის აყვანას, რაც ასევე ზრდის ამბიციაზე მიუთითებს.

დოკუმენტის ყველაზე იმედისმომცემი ციფრი – ინფორმაცია და კომუნიკაცია (ICT) -ის 8%–ია – ის ფაქტი, რომ ტექნოლოგიური სექტორი უკვე გაუთანაბრდა ტურიზმს (სასტუმროები/რესტორნები) დასაქმების წილით, ნიშნავს, რომ საქართველო ცდილობს გასცდეს მხოლოდ სერვისის მომწოდებელი ქვეყნის სტატუსს.

კვლევაში ამ სექტორის გამოჩენა მიანიშნებს, რომ იზრდება მოთხოვნა ე.წ. თეთრ საყელოებზე — ანალიტიკოსებზე, ინჟინრებზე და კონსულტანტებზე, რაც ინოვაციური ეკონომიკის ხერხემალია. მეორე მხრივ, დამამუშავებელი მრეწველობის 11% ძირითადად დაბალტექნოლოგიურ წარმოებაზე (საკვები, სასმელი) მოდის. დოკუმენტში არ ჩანს ნახტომისებური მოთხოვნა მაღალტექნოლოგიურ – High-Tech წარმოებაზე. გამოდის, დოკუმენტი გვეუბნება, რომ ქართული ბიზნესი გადარჩენისა და ზომიერი ზრდის ფაზიდან მოდერნიზაციის ფაზაში გადასვლას ცდილობს: ერთი მხრივ, ინოვაციური ეკონომიკისკენ სწრაფვა ჩანს ICT სექტორის ზრდაში, თუმცა, მეორე მხრივ, ბიზნესის უდიდესი ნაწილი კვლავ ტრადიციულ მოდელებში რჩება. კვლევა აჩვენებს IT სპეციალისტების, ინჟინრებისა და ანალიტიკოსების მწვავე დეფიციტს. აქ უმაღლეს განათლებას სჭირდება არა რაოდენობრივი ზრდა, არამედ ხარისხობრივი ტრანსფორმაცია, რომ კურსდამთავრებული პირველივე დღიდან იყოს პროდუქტიული.

მეცნიერება, R&D & უმაღლესი განათლების მთავარი მისია

შრომის ბაზრის ანალიზი 2026 – არაფერს ამბობს მეცნიერების განვითარებაზე მაშინ, როცა ყველა საერთაშორისო რეიტინგიც იმაზე მიუთითებს, რომ R&D არც საჯარო და არც კერძო სექტორის ძლიერი მხარე არ არის. თუ რეფორმის მიზანი მართლაც მეცნიერებისა და აკადემიური ხარისხის გაზრდაა, მაშინ ამ კვლევას უნდა დაერთოს სრულიად სხვა ტიპის დოკუმენტი — სამეცნიერო-ტექნოლოგიური ანალიზი – რომელიც განსაზღვრავს არა იმას, თუ რამდენი მუშახელია საჭირო, არამედ იმას, თუ რა ინტელექტუალური ღირებულება უნდა შექმნას ქვეყანამ გლობალურ კონკურენციაში გადასარჩენად.

ყველაზე მთავარი სულ ბოლოს:

თუ განათლებას – განსაკუთრებით უმაღლეს განათლებას – მხოლოდ ბიზნესის დაკვეთაზე ავაგებთ, ჩვენ მივიღებთ „ვიწრო სპეციალისტებს“ და არა „მოქალაქეებს“. ჰუმანიტარული და ფუნდამენტური მეცნიერებები (ფილოსოფია, თეორიული ფიზიკა, ისტორია) კვლევებში ყოველთვის „წამგებიანად“ ჩანს, რადგან მათზე პირდაპირი ბიზნეს-მოთხოვნა დაბალია. ამ სფეროების შემცირებით ქვეყანა კარგავს კრიტიკული აზროვნების, კულტურული ანალიზისა და ინოვაციის უნარს, რაც გრძელვადიანად ეკონომიკასაც აზარალებს.

თუ განათლება – განსაკუთრებით, უმაღლესი განათლება – მხოლოდ ბიზნესის დღევანდელ მოთხოვნას აჰყვება, ჩვენი ეკონომიკა რისკავს ჩარჩეს დაბალტექნოლოგიურ, სერვისზე ორიენტირებულ დონეზე.

ბოლომდე მჯერა, რომ განათლებამ უნდა შექმნას მოთხოვნა და არა მხოლოდ უპასუხოს მას.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები