მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციამ მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი" - განათლების მკვლევარი

ლელა ჩხაია

განათლების საკითხების მკვლევრის, ლელა ჩახაიას შეფასებით, შრომის ბაზრის ანალიზმა, რომლის პრეზენტაციაც "ოცნების" მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე კვირის დასაწყისში წარადგინა, უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს.

როგორც ჩახაიამ "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, მთავრობისგან განათლების სექტორმა ჯერ კიდევ ვერ მიიღო განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე განაწილდა უნივერსიტეტებში, სხვადასხვა პროგრამაზე მისაღებ სტუდენტთა კვოტები.

ცნობისთვის, "შრომის ბაზრის კვლევა", რომლის საფუძველზეც "ქართულმა ოცნებამ" უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება განსაზღვრა, 12 500 საწარმოს გამოკითხვას ეფუძნება. პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მსგავსი კვლევები ქვეყანაში 2017 წლიდან მოყოლებული ტარდება. საუბარია "უნარების საწარმოთა მოთხოვნის" კვლევაზე, რომელსაც ყოველწლიურად ეკონომიკის სამინისტრო ატარებს და, რომლის მიზანიც, მათივე ცნობით, ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე დამსაქმებელთა მოთხოვნის გამოვლენა:

"რომლის გათვალისწინება შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების პროცესში ხელს შეუწყობს
უნარებთან მიმართებით შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული
დისბალანსის შემცირებას და უნარების მოხმარების ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდას", - წერია სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

"მეტი კითხვა გააჩინა ამ პრეზენტაციამ, ვიდრე პასუხი. იმიტომ რომ ზუსტად ის არ ჩანს, რაც ყველაზე ძალიან გვაინტერესებს. ეს უნარებზე საწარმოების მოთხოვნის კვლევა, რომელიც 2017 წლიდან ტარდება, ბევრისთვის ისედაც ნაცნობია და მისი შედეგებიც მეტ-ნაკლებად ვიცით ადამიანებმა, ვისაც ამ საკითხებზე გვიმუშავია. თუმცა აქედან როგორ მივედით ამ კვოტებამდე, და უფრო კონკრეტულად როგორ მივედით ამ კვოტების სხვადასხვა უნივერსიტეტში განაწილებამდე, ეს ისევ შავი ყუთია პირადად ჩემთვის და ალბათ ყველასთვის, თუკი რაიმე უფრო დეტალური ინფორმაცია არ მოგვაწოდეს, და მე ჯერ კიდევ იმედი მაქვს რომ უფრო დეტალურ კვლევას ვნახავთ.

რა თქმა უნდა უმაღლესი განათლება არ არის იმისთვის შექმნილი, რომ ავტომატურად შრომის ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. თვითონ ამ საწარმოების კვლევაშიც, თუ შესავალს ნახავთ და მიზანს წაიკითხავთ, იქ არის ჩამოთვლილი, თუ რა მიზნები აქვს ამ კვლევას, თუმცა არსად არ წერია, რომ კვლევის მიზანია უკარნახოს უმაღლეს განათლებას, რამდენი პროფესიონალი მოამზადოს ამ თუ იმ სფეროში. ეს ნამდვილად არ არის ამ კვლევის მიზანი და კვლევის მეთოდოლოგიის ავტორები ამას ამბობენ", - ამბობს ლელა ჩახაია.

განათლების მკვლევარმა BMG-ის ეთერში სტუდენტთა კვოტების უნივერსიტეტებში განაწილების პრობლემებიც შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესის მიერ დეფიციტურ მიმართულებად გამოცხადებულ პროფესიებზე კვოტები შემცირებულია, რაც აჩვენებს, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა მთავრობის მიერ გაცხადებულ მიზნებთან შეუსაბამოა.

"აღმოჩნდა, რომ მასწავლებლების დეფიციტი გვაქვს, მაგრამ ამ დროს ვხედავთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაუქმდა მასწავლებლის მომზადების პროგრამები; ილიას უნივერსიტეტშიც, რომელიც ასევე არის ტრადიციულად მასწავლებლის მომზადების პროგრამების ყველაზე მნიშვნელოვანი კერა, კატასტროფულად შემცირებულია მასწავლებლების მომზადების კვოტები. სრულიად საქართველოში, ნებისმიერ უნივერსიტეტში დაწყებითი მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ნული ადგილია გამოყოფილი. ანუ ეს შეუსაბამობაშია იმასთანაც, რაც გამოაცხადეს.

იმისთვის, რომ შევამოწმოთ რამდენად დასაქმებადია თითოეული პროფესია ან პროგრამა, ერთი გზა არის ის, რომ ჰკითხო ბიზნესის, ვინ გჭირდებათ მომავალი 5 წლის განმავლობაში. მაგრამ ასევე შეგიძლია შეამოწმო კონკრეტულ პროგრამებზე კურსდამთავრებულები როგორ საქმდებიან. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტში არის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო ძალიან წარმატებული პროგრამა, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტთან ერთად შემუშავდა და არის ძალიან პოპულარული: მაღალია ყოველთვის მოთხოვნა, დიდია მიღება, ძალიან მაღალი დასაქმების მაჩვენებელი აქვს თავისი პროფესიით - წელს გამოუყვეს მხოლოდ 5 ადგილი. ანუ ეს დასაქმებადობის პრინციპსაც სრულიად არ შეესაბამება", - ამბობს ლელა ჩხაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები