2019 წლის სექტემბრიდან შრომის ინსპექტორები საწარმოების წინასწარი შეტყობინების გარეშე შემოწმებას შეძლებენ.
აღნიშნულს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის (ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა.
ცვლილებები ინსპექტორების საწარმოებში უპირობო დაშვებას ითვალისწინებს.
„აღნიშნული კანონპრექტი შრომის ინსპექციას აძლევს უფლებამოსილებას შეამოწმოს სამუშაო ადგილი ისეთი სიხშირით და ისე დეტალურად, როგორც ეს აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტური აღსრულებისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, კანონპროექტი აძლევს შრომის ინსპექციას იმის უფლებამოსილებას, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო ადგილი, დღის ან ღამის ნებისმიერ დროს, განახორციელოს სამუშაო ადგილის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება, რაც აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტური აღსრულებისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად“, - წერია სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემაჯამებელ ოქმში.
იზრდება შრომის ინსპექციის უფლებამოსილებებიც. კერძოდ, შრომის ინსპექტორებს შეეძლებათ გამოკითხონ დამსაქმებელი, დასაქმებულები, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელი შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებისა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
კანონპროექტი ასევე ანიჭებს ინსპექტორებს იმის უფლებამოსილებას, რომ მოითხოვონ ნებისმიერი დოკუმენტის გადაცემა, განახორციელონ დოკუმენტების ასლების გადაღება ან ამონაწერების გაკეთება და დამსაქმებლის ინფორმირებით განახორციელონ სამუშაო ადგილზე გამოყენებადი ნივთიერების ან მასალის ნიმუშის აღება მისი შემდგომი ანალიზის მიზნებისთვის.
უმრავლესობის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ბიზნეს ასოციაციებისა და დამსაქმებლის უფლებების დამცველების აზრით, მსგავსი სახის ცვლილება დაკავშირებულია კორუფციის რისკებთან.
პარლამენტარები კი მიიჩნევდნენ, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია შრომის ინსპექციის მექანიზმის ეფექტური აღსრულებისთვის.
ჯანდაცვის სამინისტროც იზიარებდა ამ პოზიციას და აღნიშნავდა, რომ კორუფციის რისკების აღკვეთა შესაძლებელია სხვადასხვა მექანიზმებით.
„ბიზნესი სკეპტიკურადაა განწყობილი და ეს ბუნებრივია, მაგრამ საჭიროა მუშაობა, რათა კერძო სექტორს შრომის ინსპექტორებისადმი ნდობა გაუჩნდეს“, - აცხადებს უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.