საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა ინვესტორთა საბჭოსთან დისტანციური შეხვედრა გამართეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას განხილულ იქნა სამუშაო ადგილზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და მონიტორინგის პროცესი.
"სექტორული მიმართულებით განვიხილეთ რეკომენდაციები და ზედამხედველობის პროცესი, გავცვალეთ პოზიციები არსებულ, უკვე დამტკიცებულ რეგულაციებზე და ასევე ახლად შემუშავებულ პროექტებზე. რეგულაციების მიღებამდე კერძო სექტორმა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, რათა დამტკიცებული ნორმები მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესისთვის აღსრულებადი და უსაფრთხოების გარანტი გახდეს. მსგავსი ტიპის შეხვედრები კერძო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.