2019 წლის 16 მარტს ორთაჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ობიექტის შემოწმება.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსაქმებლებს უზრუნველყონ დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მხრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების თითოეულ დარღვევაზე, განსაკუთრებით რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთრლობას, მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება.
მიმდინარე ეტაპზე დეპარტამრნტი აგრძელებს მოკვლევის პროცედურებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გუშინ, 16 მარტს უბედური შემთხვევა მოხდა ორთაჭალაში, რის შედეგადაც დაიღუპა 2 დასაქმებული.
საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული პირები შენობის გარე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ დაკიდული ხარაჩოს მეშვეობით, რა დროსაც მოწყდა ბაგირი და მასზე მდგომი სამი დასაქმებული სიმაღლიდან ჩამოვარდა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
როგორც ცნობილია, უბედური შემთხვევა კომპანია „მჯ ალიანსის“ ობიექტზე მოხდა.

























