ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, სავარაუდოდ, სსიპ-ად ჩამოყალიბდება.
საქმე იმაშია, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2019 წლიდან შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ეკონომიკის ყველა დარგზე გავრცელდება და შრომის ინსპექტორები კომპანიების შემოწმებას შეტყობინების გარეშე - დროის ნებისმიერ პერიოდში შეძლებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის სამუშაო შეხვედრას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიაც ესწრებოდა.
შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ შრომის ინსპექციის რეფორმირება აქტიური მსჯელობის საგანს წარმოადგენს.
სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კი თქვა, რომ განიხილება დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ) გარდაქმნა, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭოს სახით სამმხრივი კომისია ეყოლება.
მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ სამინისტროში იგეგმება ისეთი შიდა მექანიზმის ჩამოყალიბება, რომლის საქმიანობაც კორუფციული რისკების აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ბიზნეს ასოციაციებმა ხაზი გაუსვეს სამმხრივი კომისიის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ შრომის ინსპექტორების ეფექტიანი მუშაობისთვის, საჭიროა, რომ მათ ჰქონდეთ ავტონომია.
„დღეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ბუნებრივია, მისი ნებისმიერი მოქმედება აღიქმება როგორც სამინისტროს მოქმედება. იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ინსპექცია, ამას სჭირდება გარკვეული ავტონომიურობა, რათა თავად განსაზღვროს მოქმედების არეალი, გეგმები, სად შევიდეს, რა სანქციები გაატაროს, რისკები შეაფასოს და ა.შ. ამდენად, უფრო მეტი მოქნილობისთვის და ავტონომიურობისთვის საჭიროა, რომ იყოს sსიპ-ი“, - აღნიშნა ციქტიშვილმა.