ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა იმ სექტორების ნუსხა, რომელზეც შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ კანონის მოქმედება გავრცელდება. საუბარია 11 სექტორზე, რომელშიც შედის როგორც მშენებლობა, მრეწველობა, მეტალურგია, ნავთობისა და გაზის მოპოვება, ისე ქიმიური მრეწველობა, ტრანსპორტი და რადიაციულ გამოსხივებასთან დაკავშირებული საქმიანობა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს. აღნიშნული ნუსხა უკვე გადაგზავნილია სოციალურ პარტნიორებთან და მას შემდეგ რაც დოკუმენტი შეთანხმდება, ინსპექტირების შესახებ კერძო სექტორს შესაბამისი პროცედურების გავლის შესახებ ეცნობება.
"როგორც კი შეთანხმდება ნუსხა ვთხოვთ და შევახსენებთ კომპანიებს, მათ შორის მედიის საშუალებით, დარეგისტრირდნენ შემდგომ ეკონომიკურ რეესტრში, რომელიც მიეკუთვნება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს და შემდგომ დავიწყებთ შერჩევითი კონტროლის საფუძველზე. მონაცემთა ბაზა როცა გვექნება დავიწყებთ უკვე შემოწმებას. პირველ რიგში აი ამ სექტორებზე, რომელიც წლის ბოლომდე იგეგმება", - განმარტა ელზა ჯგერენაიამ.
























