მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შრომის ინსპექტორების გაორმაგება იგეგმება - კიდევ რას აპირებს შრომის ინსპექცია?

5ca9d6f5633a3
დათო ჯალაღონია
08.04.19 09:03
1548
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შრომის ინსპექტორებს ეკონომიკური საქმიანობის ყველა წარმომადგენლის გაუფრთხილებლად შემოწმების უფლება ექნება.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის ინფორმაციით, ამ გაზრდილ მანდატს დეპარტამენტი ახალი კადრებით შეხვდება – ინსპექტორების რაოდენობა, როგორც მინიმუმ, გაორმაგდება.

“გაძლიერებული მანდატი გამოიხატება უპირობო დაშვებაში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ტიპის ობიექტზე, ეს იქნება მომეტებული საფრთხის შემცველი, თუ სერვის სექტორი - ანუ ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე გავრცელდება შრომის ისნპექციის მანდატი და ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ნებართვების, წინასწარი გაფრთხილებების გარეშე შევძლებთ შემოწმებას. გარდა ამისა, შრომის ინსპექცია ჩამოყალიბდება ცალკე სტრუქტურულ ერთეულად - საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომელიც მას მისცემს საშუალებას, ჩამოაყალიბოს რეგიონალური მასშტაბით მისი წარმომადგენლობა, რაც ეფექტურ ზედამხედველობას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე განმარტებით, მზადდება კანონპროექტი, რომლის თანახმად, შრომის ინსპექტორების დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება და სავარაუდოდ, შრომის ინსპექციის სააგენტოს სახელით, ახალ შენობაში დაიწყებს მუშაობას.

„ჩვენ საქართველოს პარლამენტს პირველ სექტემბრამდე უნდა წარვუდგინოთ კანონპროექტი, სადაც დეტალურად გვექნება გაწერილი ის, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ზედამხედველი ორგანო, მაგრამ ეს იქნება აბსოლუტურად თანხვედრაში იმ საუკეთესო პრაქტიკასთან, რომელიც ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა უკვე გააკეთეს“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალ სსიპ-ს რამდენიმე რეგიონული ოფისი ექნება, საწყის ეტაპზე ალბათ, ბათუმსა და ქუთაისში.

ცნობისთვის: დღეს მოქმედი კანონის საფუძველზე, შრომის ინსპექტორები ეკონომიკური დარგების მხოლოდ იმ წარმომადგენლებს ამოწმებენ, რომელთა საქმიანობა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხას განეკუთვნება. თავის მხრივ, აღნიშნული ნუსხა მთავრობის დადგენილებით რეგულირდება.

ამ ნუსხის მიხედვით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმებას დაახლოებით, 35 000 კომპანია ექვემდებარება, თუმცა შრომის ინსპექციამ კანონის ამოქმედებიდან დღემდე, მხოლოდ 250 კომპანიის შემოწმება მოახერხა, რადგან სულ 40 ინსპექტორი ჰყავს. შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, 250-ვე კომპანიას უწყებამ გაფრთხილება მისცა, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 30 მათგანი გადაამოწმა და განმეორებითი დარღვევების გამო, 25 კომპანიას ფულადი სანქცია დააკისრა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ცნობით, ამ შემოწმებების ფარგლებში გაცემული მაქსიმალური ჯარიმის ოდენობა 11 ათას ლარს შეადგენს, თუმცა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი 100–დან 50 ათას ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებს, ისევე როგორც გაფრთხილებასა და საქმიანობის შეჩერებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები