იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, კანონპროექტის წარმოდგენა რამდენიმე გარემოებამ განაპირობა.
„პირველ რიგში ამის მიზეზი არის ის, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით შრომის უსაფრთხოებას სახელმწიფო არეგულირებს ორგანული კანონით და ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, რომელიც უნდა აისახოს კანონმდებლობაში“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, კანონპროექტი განხილული იყო ფართო სამოქალაქო ჩართულობის ფორმატში.
კანონის გავრცელების სფეროში, პირველ რიგში, შედის მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოები. გათვალისწინებულია 2019 წლის 1-ელი სექტემბრიდან კანონპროექტის მოქმედების არეალის გაფართოება და კანონი გავრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის მიმართ, მათ შორის ორგანული კანონით საქართველოს შრომის კოდექსი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მოწესრიგებული შრომითი ურთიერთობის მიმართ, თუმცა რეგლამენტები და სტანდარტები ამ სფეროებზე იქნება ბევრად უფრო დაბალი.
კანონპროექტით ჩნდება საწარმოებში შრომის ინსპექტორის უპირობო დაშვების ვალდებულება.
„იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ შრომის ინსპექტორი უნდა იყოს მაქსიმალურად ავტონომიური თავის საქმიანობაში და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს მყისიერი მოქმედება რისკებზე რეაგირების მიზნით, უნდა იყოს ინსპექტორის უპირობო დაშვება საწარმოებში, რომლის გადაზღვევა მერე ხდება ინსტიტუციების მხრიდან“, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მომხსენებელი სხდომის მონაწილეებს ამ კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სახდელებზე ესაუბრა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

























