შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს ბექა ფერაძე უხელძღვანელებს, რომელიც დეპარტამენტში ინსპექტორის თანამდებობას იკავებდა. ინსპექცია შრომის უსაფრთხოების შესამოწმებლად კომპანიებში უპირობოდ შესვლას 1 აგვისტოდან შეძლებს. მანამდე კი კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაზე მუშაობს. მათ შორის, ერთ-ერთი მძიმე-მავნე სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრაა, რომელსაც ხვალ სამმხრივ კომისიაზე განიხილავენ. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ჩამონათვალი დამსაქმებელთა ასოციაციას და პროფესიული კავშირების გაერთიენებას უნდა შეუთანხმოს.
„კანონქვემდებარე აქტებისთვის განსაზღვრული გვაქვს სამ თვიანი ვადა. ივნისის შუა რიცხვებში მოხდება მიღება. ვადებში ვეტევით. ხვალ დაგეგმილია მძიმე-მავნე სამუშაოთა შეთანხმება ჩვენს სოციალურ პარტნიორებთან. 1 აგვისტოდან ინსპექციას უფლება ექნება უპირობო შესვლა განახორციელოს კომპანიებში“ - განუცხადა bm.ge-ს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

























