როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მოქალაქეების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, შეუძლია თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გააუმჯობესოს შრომითი უფლებები საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა გაუადვილოს. ელჩის თქმით, გაწევრიანების შემდეგ, ისინი ისარგებლებენ ევროკავშირში არსებული სოციალური დაცვით და სავალდებულო დაზღვევით, ოფიციალური დასაქმებით, ხელფასებით და პენსიებით. ამასთან, გაწევრიანების პროცესში საქართველოს მთავრობას მოუწევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შრომის სტანდარტებისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებული აცდენები გამოასწოროს.