2019 წლიდან კერძო სექტორი ვალდებულია, შრომის უსაფრთხოების ექსპერტი დაიქირაოს, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს ბაზარზე კვალიფიციური კადრების მოძიების პრობლემაა. "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" იურისტი, ნიკა ნანუაშვილი BMG-სთან აცხადებს, რომ მაღალრისკიან სექტორებში დაქირავებულ სპეციალისტებს დაბალი კვალიფიკაცია აქვთ.
"სამთო მოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, მეტალურგიული წარმოება, ქიმიური წარმოება - სადაც ბიზნესს სჭირდება ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, მათი ნაკლებობაა. ორ, სამ, ოთხ თვიანი პროგრამები შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ მაღალკვალიფიციურ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებზე, ბუნებრივია, არარეალურია 4 თვეში მოამზადო ადამიანი, რომელსაც არანაირი ტექნიკური "ბექრაუნდი" არ აქვს და მოემსახუროს საწარმოში შრომის უსაფრთხოების გამოწვევებს. ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია. პირველ რიგში, განათლების სისტემის ნაწილზე უნდა ვისაუბროთ. შრომის უსაფრთხოების კარგი სპეციალისტების ყოლა აუცილებლად ეფუძნება შესაბამისი ტექნიკური განათლების მქონე ადამიანების რაოდენობას", - განაცხადა ნიკა ნანუაშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 9 თვეში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მაჩვენებელი 23.73%-ით გაიზარდა.