საქართველოს მთავრობამ ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. ახალი რეგულაციები, განსაზღვრავს შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო ფინანსურ ბარიერებსა და ბრუნვის მოცულობებს.
ცვლილებები ძირითადად ეხება შრომით მიგრაციას, IT სფეროში დასაქმებულებსა და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვებს.
დადგენილების მიხედვით, განახლდა ტერმინოლოგიური ნაწილი და დაზუსტდა, რომ წესში გამოყენებული ცნებები განისაზღვრება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ და „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონების შესაბამისად.
ცვლილებებით განისაზღვრა კონკრეტული კატეგორიები, რომლებსაც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება აღარ მოეთხოვებათ დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღებისას. მათ შორის არიან:
- ლტოლვილები და დაცვის სხვადასხვა სტატუსის მქონე პირები;
- დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები;
- აკრედიტებული უცხოური მედიის ჟურნალისტები;
- საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული განსაკუთრებული სტატუსის მქონე პირები;
- საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მფლობელები.
შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურაში მნიშვნელოვანი დეტალიზაცია შევიდა. უცხოელს სავალდებულოდ მოუწევს:
- დასაქმების სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდის მითითება;
- შემოსავლის დადასტურება, რომელიც არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები;
- საჭიროების შემთხვევაში, საბანკო ანგარიშზე არსებული თანხით შემოსავლის დამტკიცება.
ამასთან, დამსაქმებელ კომპანიებზე დაწესდა ბრუნვის მინიმალური მოთხოვნები:
- თითო უცხოელზე არანაკლებ 50 000 ლარი წლიურად;
- განათლებისა და მედიცინის სექტორში – მინიმუმ 35 000 ლარი.
თუ კომპანია დღგ-ის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული, ბრუნვა უნდა დადასტურდეს სხვა ოფიციალური დოკუმენტებით.
საინვესტიციო ბინადრობის ნაწილში ცვლილება შეეხო უძრავი ქონების კრიტერიუმსაც. მინიმალური ღირებულება განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით (გარდა სასოფლო-სამეურნეო მიწისა).
საინვესტიციო ან უვადო ბინადრობის მქონე უცხოელთა ოჯახის წევრებისთვის უვადო ბინადრობის მიღების პროცედურა უფრო სტრუქტურირებული გახდა. ჩამონათვალი მკაფიოდ განსაზღვრავს წარსადგენ დოკუმენტებს, მათ შორის ნათესაური კავშირის დამადასტურებელ საბუთებს.
ცალკე თავი დაეთმო ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ უცხოელებს. მათთვის დაწესდა კონკრეტული მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება IT სფეროში;
- ბოლო 1 წლის განმავლობაში მინიმუმ 25 000 დოლარის ეკვივალენტი შემოსავალი;
- შემოსავლის მიღების დადასტურება მინიმუმ ორჯერ, 30-დღიანი ინტერვალით.
იგივე პირობები ვრცელდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდმეწარმეებზე და საერთაშორისო IT კომპანიების წარმომადგენლებზე, თუმცა მათთვის დამატებითი დოკუმენტებიც არის განსაზღვრული.
მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ვალდებულია, შრომითი საქმიანობის უფლების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოს მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში მიაწოდოს.
დადგენილება ითვალისწინებს, რომ მისი ამოქმედებამდე წარდგენილი განაცხადები ძველი წესით განიხილება, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.




























