ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შს მინისტრის გადადგომას და მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებას არავითარი ლოგიკური ჯაჭვი არ აქვს, ვინაიდან პოლიცია კანონის სრული დაცვით ლეგიტიმურად მოქმედებდა.
„შსს მინისტრს პასუხისმგებლობა იმ შემთვევაში უნდა აეღო თუ პოლიცია პარლამენტის შტურმის და მასობრივი არეულობების შემთხვევებს ვერ აღკვეთდა. ამ შემთვევაში შსს-მ სწორედ რომ თავისი ვალდებულება შეასრულა პირველ რიგში და შესაბამისად შს მინისტრის არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას და ვერ იქნება.
მისი პასუხისმგებლობა სწორედ იმაშია, რომ ის დარჩეს იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც არის, სისტემის გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოს, უზრუნველყოს იმ პოლიციელების დაცვა, რომლებიც პირნათლად და ღირსეულად ასრულებდნენ თავის მოვალეობას, რომლებიც უდიდესი თმენით, უდიდესი სტანდარტით ასრულებდნენ თავის მოვალეობას და ბოლომდე მიიყვანეს და ხელი შეუწყვეს პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას, რომელიც ცალკეული პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებს შეეხება“ - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

























