შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11-სართულიანი კორპუსების მშენებლობის ტენდერი შეწყვიტა. შესაბამისი გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ 5 სექტემბერს მიიღო.
საუბარია 5,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერზე, რომლის მიხედვითაც შს სამინისტრო საკუთარი თანამშრომლებისთვის კიდევ ორ 11-სართულიან კორპუსს რუსთავში აშენებდა.
შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ აუქციონის გარეშე ელექტრონულ ტენდერში ატვირთული ხარჯთაღრიცხვა საჭიროებს დაზუსტებას, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს.
„სატენდერო კომისიამ განიხილა აღნიშნული საკითხი, განხილვისას აღინიშნა, რომ მიზანშეწონილია შეწყდეს აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი, გადაიხედოს ხარჯთარიცხვა და დაზუსტების შემდეგ გამოცხადდეს განმეორებით“,- ნათქვამია ოქმში.
3 სექტემბერს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა 20 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო და 25 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.
გასულ კვირებში ასევე ცნობილი გახდა, რომ შს სამინისტრო ასევე აპირებს თბილისში 2 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობას საკუთარი თანამშრომლებისთვის. მოგვიანებით, სამინისტრომ განმარტა, რომ თანხის 2/3-ს თანამშრომლები გადაიხდიან.