საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართა.
ყოველწლიურად მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევებით 1.35 მილიონი ადამიანი იღუპება და 50 მილიონზე მეტი ზიანდება და შრომისუუნარო ხდება. საგზაო შემთხვევებით განპირობებული ლეტალობა 5–29 წლის ასაკის პოპულაციაში სიკვდილიანობის წამყვანი და გლობალურ სიკვდილიანობაში მერვე ძირითადი მიზეზია.
საქართველოში ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 500-მდე ადამიანი იღუპება და 9000-ზე მეტი ზიანდება. საქართველოს გზებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი გაცილებით აღემატება ევროპის რიგი ქვეყნების მონაცემებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 6,452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც, დაიღუპა 459 ადამიანი, ხოლო 9,047 დაშავდა. მართალია, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზით დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა 11%-ით, მაგრამ 6%-ით იმატა ავტოავარიების რაოდენობამ და 7%-ით დაშავებულთა რიცხვმა.
რაც შეეხება დედაქალაქს - თბილისში წინა წელთან შედარებით სამივე მაჩვენებელი გაზრდილია: საგზაო შემთხვევები - 7%-ით, დაშავებულები - 7%-ით, დაღუპულები - 4%-ით.

























