მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს 300 ახალი ოპერატიული დანიშნულების ავტომობილის შესყიდვას გეგმავს

საპატრულო პოლიცია

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შსს-სთვის 300 ახალი ოპერატიული დანიშნულების ავტომობილის შესასყიდად დღეს ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა. აღნიშნული მოკვლევით უნდა განისაზღვროს თუ რა ფასად გამოცხადდეს შესაბამისი ტენდერი.

ბაზრის მოკვლევას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ახორციელებს. დოკუმენტაციის თანახმად, საპატრულო ავტომობილის სიგრძე 4.6-4.7 მეტრის ფარგლებში, სიგანე კი 1.78-1.82 მეტრის ფარგლებში უნდა იყოს.

ავტომობილს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 140 ცხენის ძალა, ხოლო 100 კილომეტრზე საწვავის მოხმარება 5 ლიტრს არ უნდა აჭარბებდეს. ავტომობილი 2025 წლის წარმოების უნდა იყოს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ბაზრის მოკვლევაში კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 11 აგვისტომდე შეუძლიათ.

ოპერატიული ავტომობილების შესყიდვის წინა ტენდერი 2024 წელს გაიმართა და მის ფარგლებში შსს-მა 250 ერთეული ავტომობილი შეიძინა. ტენდერში კომპანია ავტო ცენტრ თბილისმა (შკოდა საქართველომ) გაიმარჯვა, ხელშეკრულების ღირებულება კი 18.3 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად ერთი ავტომობილის ღირებულება 73,136 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ოპერატიული ავტომობილებიც არსებულის მსგავსად SKODA OCTAVIA-ს მოდელის იყო.

2023 წელს კი შსს-მა 305 ახალი ოპერატიული ავტომობილი შეიძინა, აღნიშნულ ტენდერშიც "შკოდა საქართველომ" გაიმარჯვა და მისი ღირებულება 20.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები