შინაგან საქმეთა სამინისტრო დოკუმენტურ მინისერიალს გადაიღებს. შესაბამის მომსახურებას უწყება უტენდეროდ შეიძენს, აღნიშნულზე საქართველოს მთავრობამ თანხმობა უკვე გასცა.
დოკუმენტაციის მიხედვით, მინისერიალის გადაღებისთვის 486 ათასი ლარის დახარჯვაა ნავარაუდევი. გეგმის განხორციელებისთვის სამინისტრომ უნდა შეიძინოს ოფიციალური ლიცენზია Columbia Broadcasting System (CBS)-სგან, ფორმატი „48 საათი“. დაგეგმილია, რომ მინი სერიალის გადაღება დასრულდეს მე-2 კვარტალში.
დოკუმენტაციის მიხედვით, შს სამინისტრო მინისერიალს გადაიღებს კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფართოდ გასაშუქებლად.
“სამინისტროს მიზანია ნათლად გამოჩნდეს „სისტემური განახლების“ ფარგლებში გატარებული კრიმინალური პოლიციის რეფორმის შედეგი.
საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც აკეთებს ამ გადაცემის საერთაშორისო ვერსიას და ეს უცხოურ პრესაშიც გაშუქდება, რაც ხელს შეუწყობს სამინისტროს პოზიციონირებას როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.
დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეგადაცემების ძირითადი სცენარი აგებული იქნება იმ საქმეების გამოძიების შესახებ რომლების დღეისთვის აქტუალურ თემებს წარმოადგენს, კერძოდ: ნარკოტიკებით ვაჭრობა, ოჯახში ძალადობა, განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილი დანაშაულებები, ყაჩაღობა და სხვადასხვა კრიმინალური საქმიანობა.
“რიგ შემთხვევაში, საზოგადოება, შს სამინისტროს საქმიანობას მხოლოდ ციფრების მეშვეობით აფასებს, გახსნილი საქმეების რაოდენობა, გაუხსნელი საქმეების რაოდენობა და ა.შ. რა დროსაც, რიგ შემთხვევაში იკარგება ის უზარმაზარი სამუშაო, რომელიც საჭიროა თითოეული დანაშაულის გასახსნელად. ასევე ფილმში ნაჩვენები იქნება ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ კრიმინალურ საქმიანობასთან, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდეს საზოგადოების თითოეული წევრი, შესაბამისად მიზანშეწონილია ღონისძიების დროულად განხორცილება”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

























