2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიების ვერსიით, მკვლელობა ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა შეუკვეთეს. გიორგი მიქაძე დაკავებულია, ხოლო დავით მიქაძეს ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულია გ.მ., გ.კ. და მ.ბ. ასევე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ საზღვარგარეთ მყოფ გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დ.მ. და გ.მ. ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლ.ჯ.-სთან და ჰქონდათ პირადი მტრული მოტივი. მათ გ.ჯ.-სთან შეთანხმებით მოიძიეს პირი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეასრულებდა მკვლელობას. ასევე დგინდება, რომ გ.ჯ.-მ და გ.კ.-მ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი გ.უ.-ს გადაეცა დანაშაულის განსახორციელებლად“, — განაცხადა სირაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ვერსიით, გ.უ.-მ [ გელა უძილაური] 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ლევან ჯანგველაძე და დაჭრა მისი თანმხლები პირი.
საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ამოღებული და გაშიფრულია ვიდეოჩანაწერები, ჩატარებულია ექსპერტიზები, მოპოვებულია მობილური და სატელეკომუნიკაციო მონაცემები, ამოღებულია ნივთიერი მტკიცებულებები.
მკვლელობაში ბრალდებული გ.უ. [ გელა უძილაური] მომხდარიდან მალევე დააკავეს. დაკავებულია ასევე პირი, ვის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდანაც განხორციელდა გასროლა.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით, ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით.




























