მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს-მ ₾80 მილიონის 250 კილო ჰეროინი ამოიღო - დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე

ჰეროინი

შსს-ს ცნობით, სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში 80 მილიონის ღირებულების 250 კილოგრამი ჰეროინი შემოჰქონდათ.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე "ოცნების" მთავრობაში შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, სამართალდამცველებმა ამოიღეს 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს.

დარახველიძის თქმით, ოპერაციის შედეგად დაკავებულია წარსულში ნასამართლევი საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საერთაშორისო ტრეფიკინგში მონაწილეობდნენ.

„სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი და აღკვეთილია საერთაშორისო ნარკოტრეფიკის კიდევ ერთი ფაქტი. სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, სველი ხელსახოცებით იყო დატვირთული, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის – ‘წითელი ხიდის’ გავლით შემოვიდა,“ – განაცხადა დარახველიძემ.

მისი განმარტებით, პოლიციამ ბათუმში, გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, სველი ხელსახოცების პაკეტებში ფარულად მოთავსებული 2 907 შეკვრა – ჯამში 250 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინა.

გარდა ამისა, ერთ-ერთ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლშიც ამოღებულია დამატებით 2 შეკვრა იგივე ნარკოტიკული საშუალება.

ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად ჩაატარეს.

„ჩვენ, შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურად ვაგრძელებთ კომპლექსურ ღონისძიებებს ნარკოდანაშაულში ჩართული პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები