მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-მ საპროტესტო აქციის 14 მონაწილე დააკავა - განცხადება

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე 27 სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება მოხდა, რომელთაგან 14 დაკავებულია, 13-ის მიმართ კი ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადება უწყებაში ცოტა ხნის წინ გააკეთეს. დაკავებულთა შორისაა ვახო სანაიაც.

"დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი - თ.თ, ნ.ს., ლ.მ., გ.გ., ვ.მ., ს.ხ., მ.კ., შ.ჩ., ლ.ჩ., ლ.ჯ., ვ.ს., გ.ყ., დ.გ. და ლ.ნ. დააკავა, ასევე, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს 13 პირის მიმართ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ, 2025 წლის 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.

აღნიშნული ქმედებით აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

მიუხედავად პოლიციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებისა, არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, აქციის მონაწილეები პოლიციას არ დაემორჩილნენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ასევე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც, ასევე, კანონდარღვევას წარმოადგენს.

შესაბამისად, მოხდა 27 სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, რომელთაგანაც 14 პირი უკვე დაკავებულია, ხოლო 13 პირის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მომდევნო დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები განმეორებით ჩაიდენენ მსგავს ქმედებას, მათ მიმართ დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.", - განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ დააკავეს ჟურნალისტი ვახო სანაია. მას სავარაუდოდ, გზის გადაკეტვას ედავებიან.

ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავება მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევაა - „მედიის ადვოკატირების კოალიცია"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები