საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „Motorola Solutions Germany GmbH“-სგან TETRA-ს რადიოსაკომუნიკაციო სისტემების განახლებისა და საგარანტიო მომსახურების შესყიდვას გეგმავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5,076,996 აშშ დოლარია. შესყიდვა გამარტივებული წესით, ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე განხორციელდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოქმედი რადიოსაკომუნიკაციო სისტემის სრულ ტექნიკურ აუდიტს, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას და საგარანტიო მომსახურების უზრუნველყოფას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აუდიტი მოიცავს 124 საბაზო რადიოსადგურს, ზონურ სერვერს, მართვისა და ადმინისტრირების ტერმინალებს, შიფრაციის მოდულებს, დიაგნოსტიკურ აპარატურასა და 11 493-მდე აბონენტურ რადიოსადგურს. მწარმოებელმა უნდა შეაფასოს სისტემის აპარატურული და პროგრამული კომპონენტების ტექნიკური მდგომარეობა, განსაზღვროს რომელი ელემენტები საჭიროებს მოდერნიზებას ან ჩანაცვლებას და უზრუნველყოს მოძველებული ან დაზიანებული კომპონენტების შეცვლა.
შსს-ის განმარტებით, პროგრამული უზრუნველყოფა განახლდება მწარმოებლის მიერ მხარდაჭერილ უახლეს ვერსიამდე, რაც უწყების შეფასებით, სისტემის სტაბილურ, უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას, თანამედროვე კიბერუსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობასა და შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
შესყიდვის დოკუმენტაციის თანახმად, პირდაპირი შესყიდვა იმით არის დასაბუთებული, რომ „Motorola Solutions Germany GmbH“ ფლობს სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფასა და ძირითად ინფრასტრუქტურულ კომპონენტებთან დაკავშირებულ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. სამინისტროს განმარტებით, სისტემის კრიტიკულ კომპონენტებში ჩარევა მოითხოვს დეველოპერის დონის წვდომასა და მწარმოებლის სპეციალიზებული პროგრამული საშუალებების გამოყენებას, რის გამოც ალტერნატიული მიმწოდებლის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიიჩნევა. აღნიშნული გარემოება, უწყების ინფორმაციით, დადასტურებულია მწარმოებელ კომპანიასთან კომუნიკაციითა და მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი კორესპონდენციით.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის თავდაპირველი კომერციული წინადადება 5,319,782 აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად თანხა 5,076,996 დოლარამდე შემცირდა. ამასთან, საბოლოო შეთავაზებაში დამატებით შევიდა Tracer სისტემა, რომელიც რადიოსაკომუნიკაციო ქსელის დაფარვისა და კავშირის ხარისხის რეალურ დროში მონიტორინგს უზრუნველყოფს. ასევე, ხმოვანი კომუნიკაციის ჩაწერის არხების რაოდენობა 256-დან 512-მდე გაიზრდება.
სამინისტროს ინფორმაციით, თავდაპირველად მწარმოებელი ხელშეკრულების სრული ღირებულების პირველივე წელს გადახდას ითხოვდა, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით, თანხის გადახდა ეტაპობრივად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება. უწყების შეფასებით, ეს სახელმწიფო ბიუჯეტზე ერთჯერად ფინანსურ დატვირთვას შეამცირებს.
დოკუმენტის მიხედვით, ტექნიკური სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე თვეში დაიწყება სრული ტექნიკური აუდიტით, რის შემდეგაც განხორციელდება საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება, ინსტალაცია, კონფიგურაცია, ინტეგრაცია და ტესტირება. პროექტის დასრულება 2027 წლის 30 ივნისამდეა დაგეგმილი, ხოლო განახლებული სისტემა ხუთწლიანი საგარანტიო მომსახურებით ისარგებლებს.
შესყიდვის განცხადების მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრულია პერიოდი 2026 წლის 7 აგვისტოდან 2032 წლის 30 ივნისამდე.




























