შსს-ს საგზაო უსაფრთხოების მარკეტინგული კამპანიაში - ,,მეტი სიცოცხლისთვის“, 605 ათასი ლარი დაიხარჯება.
უწყება, კამპანიის წარმოებისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვისთვის გამარტივებულ პროცედურას გამოიყენებს.
კამპანიის ფარგლებში დამზადდება და სატელევიზიო ეთერებში განთავსდება 11 ვიდეორგოლი, შემუშავდება კამპანიის ლოგო, გაიმართება საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებები, ქვეყნის მასშტაბით განთავსდება 7 თემატური ინსტალაცია, ასევე, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია გარე თემატური რეკლამების განთავსება ბანერებზე, ავტობუსებსა და მეტროპოლიტენში.
,,კამპანია - „მეტი სიცოცხლისთვის“ მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება საგზაო უსაფრთხოებაში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შესახებ და მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება თუ რას აკეთებს სახელმწიფო, კონკრეტულად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიმართულებით“, - აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 1 441 ვიდეოკამერა ამოქმედდა. მათ შორის, 795 ზ- ოგადი ხედვის, ხოლო 646 - ნომრის ამომცნობი კამერა, 78 ლოკაციაზე მოეწყო სიჩქარის კონტროლის სექციური სისტემა, რომელიც ჯამურად ფარავს 291 საავტომობილო გზის მონაკვეთს. ასევე, პრიორიტეტულ წერტილებში სიჩქარის მზომი 27 წერტილოვანი რადარი დამონტაჟდა.

























