მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-ს წინააღმდეგ "თეგეტა მოტორსის" საჩივარი არ დაკმაყოფილდა

5bfbe7d7ae5d8
თამუნა დემეტრაშვილი
26.11.18 16:30
929
"თეგეტა მოტორსის” საჩივარი, რომელიც კომპანიას შსს-ს წინააღმდეგ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში ჰქონდა შეტანილი არ დაკმაყოფილდა. უწყებამ მანქანების შესყიდვაზე ხელშეკრულება მის კონკურენტ "კავკასუს მოტორთან” გააფორმა. დავების საბჭოში "თეგეტა მოტორსი" იმ ტენდერის პირობებს აპროტესტებდა, რომლის ფარგლებშიც შსს-ს 60 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპი უნდა შეეძინა. სამინისტრო ითხოვდა, რომ მომწოდებელი ამავდროულად ავტომანქანების ოფიციალური დილერიც ყოფილიყო და ავტორიზებული სერვის ცენტრები ჰქონოდა. "თეგეტა მოტორმა" კი, რომელიც არცერთი ავტომწარმოებლის ოფიციალურ დილერს არ წარმოადგენს, ეს მოთხოვნა ხელოვნურ ბარიერად შეაფასა.

"მხოლოდ ის გარემოება, რომ მომჩივანი ორგანიზაცია ვერ აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის გასაჩივრებულ მოთხოვნებს, ცალსახად არ ადასტურებს აღნიშნული მოთხოვნის დისკრიმინაციულ და კონკურენციის შემზღუდველ ხასიათს", -ასეთი იყო დავების საბჭოს ვერდიქტი.

დღეს გამოქვეყნებული ხელშეკრულების თანახმად, "კავკასუს მოტორსი" შსს-ს Mitsubishi-მარკის 50 მაღალი გამავლობის ავტომობილს მიაწვდის, რაშიც კომპანია 2 983 000 ლარს მიიღებს. ერთი მანქანის ღირებულება 59 660 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები