მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს: თბილისში 12 000-მდე აბი „ექსტაზი“ და დიდი ოდენობით სხვა ნარკოტიკები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

ვაჟა სირაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული ორი სპეცოპერაციის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია ორი პირი – წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი საქართველოს მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული ჯ.გ. და 1979 წელს დაბადებული, ლატვიის მოქალაქე ე.კ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და დროებითი საცხოვრებელი სახლების გაჩხრეკვისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: დაახლოებით 12 000 აბი ექსტაზი, 520 აბი სუბოტექსი, კოკაინი, მდმა, მარიხუანა.

ასევე ნარკოტიკული საშუალებების დაფასოების მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის რეალიზაციით მიღებული თანხა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნა-რეალიზაციას გულისხმობს და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ. სამართალდამცველები ამ მიმართულებით ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები