მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს: ტურისტული პატრულების ძირითადი ამოცანა ტურისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენაა

5b025ebfa7a76
თელარა გელანტია
21.05.18 09:50
1915
ქვეითმა პატრულმა ე.წ. „ტურისტულმა პატრულმა“ თბილისის ქუჩებში მუშაობა დაიწყო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, პირველი სამუშაო დღის დაწყების წინ, ქვეით პატრულებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა, ახალი დანაყოფის მისიასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა, დავალებები მისცა და წარმატებები უსურვა.

ამ ეტაპზე, პატრულის თანამშრომლები ქვეითად განახორციელებენ პატრულირებას დედაქალაქის იმ უბნებსა და ქუჩებში, სადაც გასართობი ინფრასტრუქტურაა განთავსებული.

საპატრულო პოლიციის ახალი დანაყოფის ძირითადი ამოცანაა, აღნიშნულ ლოკაციებზე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათთვის შესაბამისი საპოლიციო სერვისების მიწოდება.

„ქვეით პატრულს გააჩნია თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები. ქვეითი პატრულ-ინსპექტორები დღე-ღამის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებზე განახორციელებენ პატრულირებას, კერძოდ: შარდენის, ბამბის რიგის, კოტე აფხაზის, ტაბიძის, ვერცხლის ქუჩებზე, ასევე, ევროპის, ვახტანგ გორგასლის, საარბრიუკენის მოედნებზე, დავით აღმაშენებლის გამზირსა და აბანოთუბნის ტერიტორიაზე“, - განმარტავენ სამინისტროში.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, პირველ ეტაპზე, პატრულირებას ქვეით პატრულთა 10 ჯგუფი განახორციელებს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს. კანდიდატთა შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მათ პიროვნულ ჩვევებსა და კომუნიკაციის უნარებზე.

ამასთან, ყველა მათგანი ფლობს ერთ ან მეტ უცხო ენას, რაც ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა საპოლიციო სერვისების უზრუნველყოფისა და ამ სერვისების განვითარებისათვის. გარდა ამისა, ქვეითი პატრულის ჯგუფები აქტიურად ითანამშრომლებენ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული გასართობი და სხვა ობიექტების კერძო უსაფრთხოების დანაყოფებთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოახდინონ სამართალდარღვევის ფაქტებზე რეაგირება და განახორციელონ პრევენციული ღონისძიებები.

ქვეით პატრულ-ინსპექტორთა ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ტურისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მათთვის საქართველოში მოქმედი კანონებისა შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, მათი გადამისამართება მომსახურების სპეციალურ ცენტრებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ზაფხული სეზონის გააქტიურების შესაბამისად, ქვეით პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები