2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებებზე რეკორდული თანხა - 153 მილიონი ლარი დახარჯა. ეს 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.6 მილიონი ლარით მეტია. ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
ამასთან, თავად 2024 წელს მთავრობამ შტატგარეშე მოხელეებზე რეკორდული 606 მილიონი ლარის ხელფასები გასცა, თანაც ყოველწლიურად ამ კატეგორიის დასაქმებულთა ანზღაურებები მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ის წელს კიდევ გაიზრდება.
გაზრდილია შტატგარეშე სტატუსით დასაქმებული პირების რაოდენობაც. 2024 წელს სამინისტროებსა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში სულ 73,616 შტატგარეშე პირი საქმიანობდა, ეს რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 14,500-ით, ანუ 24%-ით მეტია. თუმცა, ეს მატება ძირითადად განპირობებული იყო საქსტატის მიერ ნოემბერ-დეკემბერში საყოველთაო აღწერის ჩატარებით, რისთვისაც 11,919 ადამიანი დასაქმდა. მაგრამ მათზე გაცემული ხელფასები მთლიანად შტატგარეშე დასაქმებულების ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენდა და 10 მილიონი ლარი იყო, რადგანაც ეს დასაქმება მხოლოდ მოკლევადიან სახეს ატარებდა.
2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ წელს ცენტრალური მთავრობის სსიპ-ებსა და აიპ-ებში შტატგარეშეთა რიცხვი 58,306 იყო, 2021-ში 50,561 შტატგარეშე პირი, 2020-ში კი 45,027 შტატგარეშე. შესაბამისად, ბოლო 5 წელში ამ მხრივ ზრდა 63%-ია. ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ეს მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას მოიცავს და მასში არ შედის ადგილობრივი თვითმმართველობებს დაქვემდებარებული ათობით სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში დასაქმებული პირები.
რა სახის სამუშაოს ასრულებენ შტატგარეშე სტატუსით დასაქმებული პირები:
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, შტატით და უშტატოდ დასაქმებულ პირებს შორის მთელი რიგი სამართლებრივი სხვაობები არსებობს. შტატში მყოფი პირები თანამდებობაზე ინიშნებიან უვადოდ. მათი კონკურსის შედეგად შერჩევის, კვალიფიკაციის, დანიშვნისა და გათავისუფლების წესები მკაფიოდ არის განსაზღვრული. ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული ამ პირების ანაზღაურების საკითხიც.
შტატგარეშე სტატუსით დასაქმებულ პირებს კი კანონმდებლობის თანახმად "შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები" ეწოდებათ. შტატიანი მოხელეებისგან განსხვავებით, მათი დასაქმების კონტრაქტები არის ვადიანი და ის მიბმულია იმ სამუშაოს ხანგრძლივობაზე, რომლის შესასრულებლადაც მათი დაქირავება მოხდა. ამასთან, კანონის თანახმად არ შეიძლება შტატგარეშე პირს უწყებამ მისი მუდმივი და ძირითადი სამუშაოს შესრულება დააკისროს.
კანონის თანახმად შტატგარეშე დასაქმებულის განმარტება ასეთია:
"შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება,"- ნათქვამია საჯარო სამსახურის შესახებ კანონში.
საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში მოქმედებს უფრო მარტივი შესარჩევი პროცესი და ხშირ შემთხვევაში მათი ფუნქცია-მოვალეობებიც ბუნდოვნად არის გაწერილი, ეს კი თავის მხრივ ამ კატეგორიის დასაქმებისას კორუფციული რისკებს ზრდის.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორისთვის სამინისტროების მიერ წარდგენილი ინფორმაცია მათ მიერ დაქირავებული შტატგარეშე პირების რაოდენობისა და 2024 წელს ამ პირებზე გაცემული ანაზღაურებების შესახებ:
| უწყება | შტატგარეშეთა რაოდენობა 2024 წელს | შტატგარეშე პირთა ანაზღაურებები 2024 წელს | საშუალოდ ერთ შტატგარეშე თანამშრომელზე წლის განმავლობაში გაცემული თანხა |
| ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | 6,389 შტატგარეშე; | 210,380,665 ლარი; | 32,929 ლარი; |
| განათლებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო | 18,497 შტატგარეშე; | 108,870,405 ლარი; | 5,886 ლარი; |
| თავდაცვის სამინისტრო | 3,334 შტატგარეშე; | 53,516,637 ლარი; | 16,052 ლარი; |
| გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 3,109 შტატგარეშე; | 39,326,283 ლარი; | 12,649 ლარი; |
| საზოგადოებრივი მაუწყებელი | 1,477 შტატგარეშე; | 39,295,216 ლარი; | 26,605 ლარი; |
| შინაგან საქმეთა სამინისტრო | 2,281 შტატგარეშე; | 29,708,557 ლარი; | 13,024 ლარი; |
| იუსტიციის სამინისტრო | 3,337 შტატგარეშე; | 27,926,128 ლარი; | 8,369 ლარი; |
| კულტურის სამინისტრო | 2,963 შტატგარეშე; | 16,787,189 ლარი; | 5,666 ლარი; |
| პარლამენტი | 502 შტატგარეშე; | 13,895,984 ლარი; | 27,681 ლარი; |
| ცესკო | 506 შტატგარეშე; | 12,582,570 ლარი; | 24,867 ლარი; |





























