მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შუა დერეფანი ენერგომატარებლების გატარებაში, TRIPP-თან შედარებით, უპირატესობას შეინარჩუნებს - ნიკოლოზ ხატიაშვილი

შუა დერეფანი

„ჯეოქეისის“ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მკვლევარი, ნიკოლოზ ხატიაშვილი შუა დერეფნის მნიშვნელობას გეოპოლიტიკურ ჭრილში განიხილავს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ პროექტს ახალი იმპულსი შესძინა, ამ მარშრუტის აქტუალობა ჯერ კიდევ 2009 წლის ენერგოკრიზისის დროს გამოიკვეთა.

მისივე თქმით, დღეს შუა დერეფანი აღიქმება არა მხოლოდ ეკონომიკურ გზად, არამედ ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედად, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით აკავშირებს ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას დასავლეთთან.

"პირველ რიგში, ამ შუა დერეფანს მე შევხედავდი უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ჭრილში. ზოგადად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გარკვეული ტრიგერების შედეგად, შუა დერეფნის როლი უფრო და უფრო აქტუალური ხდებოდა. მართალია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს საკითხი განსაკუთრებით გამწვავდა, მაგრამ ჯერ კიდევ 2009 წლის ენერგოკრიზისის დროს, როდესაც რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ჩვენი დერეფნის როლი ენერგეტიკული კუთხით როგორც ნავთობისა და გაზის მიწოდების ალტერნატივა მეტად აქტუალური გახდა. მაშინ ასევე აქტიური საუბარი იყო ეგრეთ წოდებულ „ნაბუკოს“ პროექტზე, რომელიც შემდგომ გარკვეული მიზეზების გამო, „თაროზე შემოდეს“.

თუმცა 2022 წელს შუა დერეფნის საკითხი საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში კვლავ პრიორიტეტულად დადგა. რეალურად უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ტვირთბრუნვა ამ მარშრუტით გაიზარდა, რამაც დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შუა დერეფანს, როგორც გეოგრაფიულ ლოკაციას, დიდი დატვირთვა აქვს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გეოპოლიტიკური პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს მისი როლის ზრდას", - განაცხადა ხატიაშვილმა "ანალიტიკაში".

ხატიაშვილი ასევე ამბობს, რომ დღევანდელ მოცემულობაში "შუა დერეფნის" მარშრუტი რუსეთის გვერდის ავლით ენერგორესურსებისა და ტვირთების გადაზიდვის საუკეთესო ალტერნატივაა.

"დღეს ევროპული უსაფრთხოების ჭრილში რომ შევხედოთ, შუა დერეფანი საუკეთესო ალტერნატივაა რუსეთის გვერდის ავლით როგორც ენერგორესურსების, ისე ტვირთების გადაზიდვის კუთხით ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ და პირიქით. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ციფრული დერეფნების განვითარება, რაც საკვანძოა ახალი ტექნოლოგიებისთვის. ამ კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯან-უნგრეთ-რუმინეთის ჩართულობით უნდა განხორციელდეს. ეს ჩვენი რეგიონისთვის დამატებითი ბენეფიტი იქნება ერთიან გეოპოლიტიკურ ჭრილში", - განაცხადა „ჯეოქეისის“ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მკვლევარმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი ასევე ამბობს, რომ "ტრამპის მარშრუტის" სახელით ცნობილი პროექტი "შუა დერეფნის" კონკურენტი იქნება, თუმცა ენერგორესურსების გატარებაში საქართველოზე გამავალი დერეფანი შედარებით უკონკურენტოა.

"სანამ ამერიკული მხარის მხრიდან მიიღებოდა გადაწყვეტილება TRIPP დერეფანთან დაკავშირებით, შუა დერეფანი უკონკურენტო მარშრუტად ითვლებოდა და ეკონომიკური საკითხების გარდა, მოხდა მისი პოლიტიკური კაპიტალიზაციაც. თუმცა TRIPP-ის დერეფანი რა თქმა უნდა, წარმოადგენს ალტერნატიულ გზას. აქ მთავარი მომენტი იქნება ის, თუ რამდენად სტაბილური და უსაფრთხო იქნება ეს გზა. სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მსხვილ კომპანიებს ექნებათ არჩევანი: გაატარონ ტვირთი შუა დერეფნით თუ „ტრიპის“ მარშრუტით. სწორედ უსაფრთხოება, ტარიფები და ვადები იქნება გადამწყვეტი ამ კონტექსტში.

საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კონკურენცია მაღალი იქნება. რაც შეეხება ენერგომატარებლებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა თუ ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენებს მათი ჩანაცვლება TRIPP-ის დერეფნით ხანგრძლივ პერიოდსა და დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. შესაბამისად, ენერგეტიკის კუთხით ჩვენ ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ პოზიციებს, თუმცა რკინიგზისა და სახმელეთო გადაზიდვების ნაწილში შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ ამ კონკურენციამ ერთიანი კონტექსტიდან ამოგვაგდოს.

ამასთან, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული აზერბაიჯანზე, რომელიც გარკვეულწილად ხდება მონოპოლიური სახელმწიფო: მასთან შედის ტვირთები და ენერგორესურსები, რომელთა გადანაწილებაც შემდეგ მოხდება სხვადასხვა მიმართულებით. საქართველოსთვის კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საკითხი ამ პროცესში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და განვითარება იქნება", - აცხადებს ხატიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები