ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, თბილისში, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში ის გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს, რაც შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშუტთანაა დაკავშირებული. კერძო სექტორი აცხადებს, რომ პრობლემებია როგორც სარკინიგზო, ისე საპორტო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის თვალსაზრისით. გადამზიდავი კომპანიები ამბობენ, რომ ტვირთბრუნვა იმდენად გაზრდილია, რომ დატვირთულობა არსებულ პორტებში ზღვარს აღწევს. პრობლემას ქმნის პორტებში არსებულ ტარიფებიც, რომელიც მსოფლიოს რიგ საუკეთესო პორტებთან შედარებით ბევრად მაღალია, ეს კი ბიზნესის თქმით, ტვირთების ღირებულებას მნიშვნელოვნად აძვირებს. ასევე საბორნე გადაზიდვების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენციაზე. როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს ფოთსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო. ბორანს სატვირთო ავტომობილებისა და კონტეინერების გადაზიდვის გარდა, მსუბუქი ავტომობილებისა და მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობაც აქვს. კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საბორნე გადაზიდვებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა არსებობს გამოწვევები, რაზეც საქმის კურსშია როგორც საქართველოს, ისე რუმინეთის მხარე.