„შუა დერეფანში“ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი სავაგონო პარკია - ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ მამუკა მურჯიკნელმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, სარკინიგზო შემადგენლობების განახლება მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამ კუთხით, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის სარკინიგზო ოპერატორები მუშაობენ.
„სავაგონო პარკი არის ის, რაც გვაწუხებს ყველას, ვინც ჩართულნი ვართ ამ პროცესებში. ნამდვილად გვინდა იყოს მეტი ვაგონები, რომელიც მოგვცემს საშუალებას მოვემსახუროთ ტვირთს ისე, როგორც თანამედროვე კომპანიებს შეესაბამება. ნამდვილად გვაკლია ვაგონები და ეს პრობლემა მეტად გაიზრდება, თუ არ მოხდა ახალი ვაგონების შესყიდვა“, - ამბობს მამუკა მურჯიკნელი.
ის მიიჩნევს, რომ დღეისათვის გადამწყვეტია დერეფანში ინფრასტრუქტურის მიმართულებით მეტი ინვესტიციის მიმართვა. ამასთან, „შუა დერეფანი“ არა რომელიმე სხვა დერეფნის ალტერნატივად უნდა იყოს განხილული, არამედ, ეს უნდა იყოს თვითმყოფადი დერეფანი, რომელიც კომერციულად მისაღები იქნება ტვირთმფლობელებისთვის.
„შუა დერეფანი“ არ უნდა იყოს განხილული როგორც სხვა დერეფნების კონკურენტი. შუა დერეფანში ივლის ის ტვირთი, რომელიც არის წარმოებული ცენტრალურ აზიაში. ეს დერეფანი ყველამ ერთად უნდა გავხადოთ უფრო სწრაფი და კომერციულად ყველასთვის მისაღები. ბიზნესს უნდა უღირდეს ამ მარშრუტზე ტვირთის ტარება. დღეს ინფრასტრუქტურაში უნდა დავაბანდოთ მეტი ინვესტიცია, რომ მოვიზიდოთ მეტი ტვირთი“, - ამბობს მამუკა მურჯიკნელი.