მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუა დერეფანში ტვირთბრუნვის 30 მლნ ტონამდე გაზრდა რეალისტურია - აკაკი საღირაშვილი

აკაკი საღირაშვილი

საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის მიმართ გაზრდილი ინტერესი და ინფრასტრუქტურული პროექტები შუა დერეფანში ტვირთბრუნვის 30 მლნ ტონამდე ზრდის შესაძლებლობას ქმნის. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის, აკაკი საღირაშვილის შეფასებით, ამ მიზნის მიღწევა რეალისტურია, თუ დაგეგმილი ინვესტიციები დროულად განხორციელდება და დერეფანი ტვირთმფლობელებს საიმედო და კონკურენტულ მომსახურებას შესთავაზებს.

როგორც საღირაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, სატრანსპორტო სექტორში ზრდა გადაზიდვების სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და მხოლოდ ერთი სახეობის ტვირთს არ უკავშირდება. მისი შეფასებით, ეს როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და შუა დერეფნის მიმართ ინტერესის გაძლიერებაზე მიუთითებს.

„პოზიტიური დინამიკა, რომელიც ტრანსპორტს, ლოგისტიკასა და ჩვენი დერეფნის განვითარებას ახასიათებს, მისასალმებელია. პრაქტიკულად, ყველა ნავსადგურში ტვირთების მოცულობა გაზრდილია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ არის ერთჯერადი მოვლენა ან რომელიმე კონკრეტული სახეობის ტვირთის ზრდა – ზრდა ზოგადად, სხვადასხვა სახეობის ტვირთს ეხება. ასევე იმედის მომცემია, რომ მატება შეეხო სარკინიგზო, სახმელეთო, საავიაციო და საზღვაო სექტორებს. ეს გულისხმობს, რომ ეკონომიკური აქტივობა იზრდება როგორც საქართველოში, ისე რეგიონში და შუა დერეფნის მიმართ ინტერესიც მატულობს“, – აცხადებს აკაკი საღირაშვილი.

მისივე შეფასებით, დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად პრიორიტეტულია სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულება.

„რკინიგზის მოდერნიზაციის ერთი ეტაპი, რომელიც ფიზიკურ ინფრასტრუქტურას ეხებოდა, უკვე დასრულებულია. შემდეგი ეტაპი მოძრავი შემადგენლობის განახლებაა – ახალი ლოკომოტივების შესყიდვა, სავაგონო პარკის განახლება და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის გაჯანსაღება. ესეც ერთ-ერთი მსხვილი და საინტერესო ინვესტიციაა, რომელიც ჩვენს დერეფანში ხორციელდება. მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურაც, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულება.

რაც შეეხება კერძო ინვესტიციებს, როდესაც ინფრასტრუქტურული კომპონენტი დასრულდება, კერძო ინვესტორი უფრო თამამი იქნება, რომ გაზრდილი ინტერესის ფონზე საკუთარი წვლილი შეიტანოს დერეფნის განვითარებაში. გვაქვს მოლოდინი, რომ საჯარო და კერძო სექტორებს შორის სინერგია შეიქმნება“, – აღნიშნავს საღირაშვილი.

შუა დერეფნის გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბრისას BAG-ის წარმომადგენელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტსაც გამოყოფს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დერეფანი ტვირთმფლობელებისთვის არა მხოლოდ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო იყოს მიმზიდველი, არამედ სანდო ინფრასტრუქტურის მქონე სტაბილურ ალტერნატივად ჩამოყალიბდეს.

„დღეს გაზრდილი ინტერესი გარკვეულწილად უკავშირდება იმ კონფლიქტებს, რომლებიც ჩრდილოეთ დერეფანში არსებობს, ასევე სამხრეთ დერეფანში არსებულ პრობლემებს. თუმცა როდესაც ტვირთმფლობელი დერეფანს მიეჩვევა, დაინახავს, რომ ის სანდოა და დახვდება მზა ინფრასტრუქტურა, ეს უკვე გრძელვადიან ინტერესს შექმნის. ამ მხრივ არ უნდა გამოგვრჩეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. აქ სახელმწიფო მიწის მესაკუთრის ფუნქციას ასრულებს, შესაბამისად, კომერციული რისკის მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოზე მოდის, რაც ინვესტორს უფრო თამამი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

უნდა შევხედოთ, იზრდება თუ არა ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური ბრუნვა ევროპასთან. თუ ეს ბრუნვა იზრდება და დერეფნის მიმართ ინტერესიც მაღალია, მომავლის პოზიტიურად დაგეგმვის საფუძველი გვაქვს. ამ პირობებში 30 მილიონი ტონა, რომელიც შესაბამისი პერიოდისთვის დაანონსდა, სავსებით რეალისტური მიზანია, მით უფრო, თუ ინფრასტრუქტურა ამ ზრდას ხელს შეუწყობს“, – აცხადებს აკაკი საღირაშვილი.

საღირაშვილის განმარტებით, სატრანსპორტო დერეფნის არჩევისას ტვირთმფლობელებისთვის სამი მთავარი კრიტერიუმია მნიშვნელოვანი: ტვირთის დროული მიწოდება, კონკურენტული ფასი და უსაფრთხოება. ამ პირობების ერთობლიობა კი დერეფნის მიმართ ინტერესსა და გადაზიდვების მოცულობაზე აისახება.

„ტვირთმფლობელს სამი ძირითადი რამ აინტერესებს: ტვირთი დროულად ჩავიდეს, გადაზიდვა კონკურენტული ფასით განხორციელდეს და უსაფრთხო იყოს. როდესაც ეს სამი კომპონენტი ერთად არის უზრუნველყოფილი, ინტერესი იზრდება და ტვირთებიც მატულობს. ამ მიმართულებით საინტერესო დინამიკა გვაქვს მარაბდა-კარწახისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზეც. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, როდესაც ის სატესტო რეჟიმიდან სრულ საოპერაციო რეჟიმში გადავიდა, გადაზიდვები, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 55%-ით გაიზარდა“, – ამბობს საღირაშვილი.

მისივე შეფასებით, დერეფანში არსებული დადებითი ტენდენციის შენარჩუნება რეგიონში სტაბილურობაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და კერძო სექტორის მონაწილეობაზე იქნება დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები