საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციაში შუა დერეფანთან მიმართებით, სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვის გადახედვის საჭიროებაზე საუბრობენ. მიზეზად კი იმ შეცვლილ ვითარებას ასახელებენ, რომლითაც შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთის ნაწილს კიდევ ერთი „ტრამპის მარშრუტი“ ემატება.
BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ წამყვანის კითხვაზე - უნდა მონაწილეობდეს თუ არა საქართველო სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში და რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველო სატრანსპორტო დერეფანში კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს, საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელი პასუხობს: „ საქართველო უნდა იყოს ამ პროცესების აქტიური მონაწილე, უნდა იყოს ამ პროცესებთან მაქსიმალურად ახლოს და უნდა მიიღოს მაქსიმალური დივიდენდები ამ პროცესებისგან“.
ირაკლი ნემსაძე საკითხის ორ მხარეზე საუბრობს და განმარტავს, რომ შუა დერეფნის მარშრუტში „ტრამპის მარშრუტის“ ამოქმედებით საქართველო რეალურად ტვირთების რაღაც ნაწილს დაკარგავს, თუმცა ამბობს, რომ გონივრული პოლიტიკის შემთხვევაში საქართველო მთავარ გასავლელ ზონად დარჩება.
„ჩვენს სამეზობლოში, ერთ დროს მტრული სახელმწიფოების დაახლოება, ეს არა მხოლოდ აზერბაიჯანი და სომხეთია, თურქეთიც აქვე მოიაზრება, აჩენს ახალ შესაძლებლობას, მაგალითად, სომხეთისთვის, რომ თუ აქამდე საქართველო იყო ერთადერთი სატრანზიტო გზა მისთვის, ახლა უკვე აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდეს ჩრდილოეთს, ხოლო თურქეთის გავლით დაუკავშირდეს სამხრეთს. ეს ბუნებრივია, რაღაც ტვირთებს უახლოეს მომავალშიც დაგვაკარგვინებს. გრძელვადიან პერსპექტივაშიც რჩება რისკები, მაგრამ ამ საკითხს დრამატულად არ აღვიქვამდი, იმიტომ რომ საქართველო მაინც დარჩება დომინანტ მიმართულებად. თუ ჩვენ სწორად წავმართავთ ჩვენს სატარიფო ღონისძიებებს, ჩვენს პოლიტიკას სამეზობლოში, ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჩვენ მაინც მთავარი გასასვლელი ზონა ვიქნებით, ხოლო ეს კორიდორი შემავსებლად დარჩება. ეს თავის მხრივ ცუდი არ არის, იმიტომ რომ ამან შეიძლება გლობალური მოთამაშეები მეტად დააინტერესოს და შუა დერეფნის მიმართულებაზე გადმოიბიროს, რამაც საერთო ჯამში პოზიტიური როლი შეიძლება შეასრულოს, მაგრამ თუ ჩვენ ეფექტურად ვერ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, ბუნებრივია, მხოლოდ დავზარალდებით.
რაც შეეხება სამეზობლოში არსებულ სტაბილურ პოლიტიკურ თუ სამხედრო ვითარებას - ამით ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს დაინტერესებული და მხოლოდ სიკეთეს უნდა ხედავდეს აქედან. ხოლო რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ინტერესებს, ეს დიდწილად ჩვენსავე ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. სტრატეგიული ხედვის გადახედვა, რა თქმა უნდა, საჭიროა, რადგან არსებითად ახალი მოცემულობა გვაქვს. აქამდე საქართველო შუა დერეფნის განვითარებას და მის ადგილს შუა დერეფანში განიხილავდა როგორც ექსკლუზიურ პირობას საქართველოს აპრიორი მონაწილეობის პირობებში, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ნაკლებად იყო გათვალისწინებული შესაძლებლობა და ამაზე ბევრი სულ ცოტა ხნის წინ, ვერც იფიქრებდა, რომ ეს დერეფანი, BRICS-ის დერეფანი აქ აქტიური გახდებოდა. უამრავი ფაქტორი არსებობს, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება სტრატეგიის აღდგენა, იმის დაშვებით, რომ უახლოეს წლებში ეს დერეფანი საქართველოს დერეფნის სრულფასოვან ალტერნატივად ან კონკურენტად იქცევა. ამიტომ ჩვენი ახლანდელი სტრატეგია უნდა გულისხმობდეს როგორც ამ დერეფნის კონკურენციას, ასევე მასთან თანამშრომლობის პირობებს და ამის მიხედვით უნდა ავაგოთ ჩვენი მომავალი სამოქმედო გეგმა“, - განმარტა ირაკლი ნემსაძემ და დასძინა, რომ დღეისთვის ამ საკითხზე სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაცია არ არსებობს:
„წინა წლებში გაცილებით უფრო აქტიური იყო ეს პროცესები, მსჯელობა გაცილებით მეტი იყო და ეს ნაკლებად იქცა ქმედებაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა აცნობიერებს ამ საკითხის მნიშვნელობას და უახლოეს მომავალში ალბათ მსგავსი პროცესი ჩაეშვება და წარიმართება“.




























