მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუა დერეფნის გაციფრულება გვსურს" - როდის ჩაეშვება ციფრული პლატფორმა, რომელიც ტრანსპორტირებას გაამარტივებს

გაიდარ აბდიკერიმოვი

შუა დერეფნისთვის ტვირთის ტრანსპორტირების პროცესის გამარტივებისთვის ციფრული პლატფორმა იქმნება. რა ეტაპზეა მუშაობა - ამის შესახებ BMG-ის ბაქოს ოფისთან ინტერვიუში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა ისაუბრა.

"ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში გაციფრულების დონე მკვეთრად იმატებს. ეს გადაუდებელი აუცილებლობაა. ჩვენც, სხვა პროცესებთან ერთად, დერეფნის გაციფრულება გვსურს და ამ მიმართულებით დერეფნის მონაწილეებთან ერთობლივი მუშაობა დავიწყეთ. დღეს, საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს ჩვენს დერეფანში ტვირთების ტრანსპორტირების ერთიანი პლატფორმის მიმართულებით. ამ დრომდე ბევრი ტექნოლოგიური გადაწყვეტა არსებობდა, რომელთაც დერეფნის მონაწილე თითოეული კომპანია ცალკეულად იყენებდა. იყო შემთხვევები, როცა გადაწყვეტები ერთმანეთს ვერ უკავშირდებოდა, რადგან ისინი განსხვავებულ პლატფორმებზე იყო აწყობილი და განსხვავებულ სტანდარტებს ეფუძნებოდა, რაც ინტეგრაციას ართულებდა.

სინგაპურული Global DTC-ის დახმარებით ისეთი გადაწყვეტა შევქმენით, რომელიც ახლა აპრობირების ეტაპს გადის. ამ პლატფორმის იდეა ისაა, რომ ტვირთის გამგზავნებმა, რომლებიც მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არიან, კომპიუტერზე ან ტელეფონზე აპლიკაცია გადმოწერონ, რომლის დახმარებით თვალს ადევნებენ იმ ლოგისტიკურ პროდუქტებს, რომელთაც ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ”, - განაცხადა აბდიკერიმოვმა და დასძინა, რომ აღნიშნული გადაწყვეტა დერეფნის მონაწილეებს შორის კომუნიკაციას გაამარტივებს და ტრანსპორტირების დროს ტვირთზე წვდომის საშუალებას მისცემს.

“გამოდის, რომ Track and Trace სისტემა, ისევე, როგორც ბიუროკრატიული პროცედურები - ერთი ფანჯრის პრინციპით შესრულდება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროექტს უკვე სამი წელია ვახორციელებთ და ახლა, ის ფინალურ სტადიაზე გადავიდა”, - დასძინა მან.

რაც შეეხება პლატფორმის ამოქმედების ვადებს, როგორც აბდიკერმოვმა აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ ის წლის ბოლოსთვის სრულად ამუშავდება.

ცნობისთვის, 2023 წელს "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით" (TITR ), იგივე შუა დერეფნით, 2.7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 86%-ით მეტია. ამ დროისათვის ე.წ შუა დერეფნის მარშრუტში 11 ქვეყანაა წარმოდგენილი, 25 კომპანიით. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი იწყება ჩინეთში, გაივლის ყაზახეთს, კასპიის ზღვით გადადის აზერბაიჯანში, გაივლის საქართველოს და თურქეთისა და შავი ზღვის საშუალებით უკავშირდება ევროპის ქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები