აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქედასა და შუახევში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარება, მშენებლობა ყველგან იგრძნობოდეს. განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ განვითარება იგრძნობოდეს ყველაგან, პროექტები სრულდებოდეს ხარისხიანად დადგენილ დროში. დღეს შუახევსა და ქედაში დავათვალიერეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურურლი ობიექტი. ოქროპირაულს პირველად ექნება თანამედროვე საავტომობილო ხიდი, რომელიც ასეულობით ოჯახს შეუმსუბუქებს ცხოვრებას. აქვე, ახალდაბაში მოვინახულეთ ახალი საავტომობილო გზა, რომელიც 300-მდე ოჯახს მისცემს შესაძლებლობას გადაადგილდნენ ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
ასევე, იცით, რომ ქედაში შენდება სოციალური სახლი და რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა საავტომობილო გზები, ხიდები არის მშენებლობის აქტიურ ეტაპზე“- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
შუახევის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. შუახევი-დაბაძველის საავტომობილო გზაზე ოქროპილაურის მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე საფეხმავლო ხიდის ნაცვლად კაპიტალური ხიდი მოეწყო.
ხიდი ერთმანეთთან სამ სოფელს: დაბაძველას, კლდის უბანსა და ბესელაშვილებს აკავშირებს და 140 ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში გაკეთდა 700მ. სიგრძის საავტომობილო გზა, აშენდა რკინაბეტონის სამმალიანი ხიდი და დაიგო ხიდთან მისასვლელი გზა.
შუახევში ასევე დასრულდა საავტომობილო გზის ხიჭაური-ახალდაბას და ახალდაბა-წყაროთის მონაკვეთებზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. ახალი გზით 300 მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში მოეწყო 11 975 კვ.მ. ასფალტობეტონის საფარი და დამცავი ხელოვნური ნაგებობა.
ახალი ხიდი აშენდა ასევე, ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ ქოსოფელში. სამშენებლო სამუშაოები 5 თვეში განხორციელდა. მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.
ქედაში აქტიურ ფაზაშია 5 სართულიანი სოციალური სახლის მშენებლობა. სამუშაოები 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტის თანახმად საცხოვრებელი ფართით ქვედა აგარაში მეწყრულ ზონებში მცხოვრები ოჯახები დაკმაყოფილდებიან.
ქედასა და შუახევში განხორციელებულ პროექტებს მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტების მერები და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე.