კახეთში, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, „შუხმან ჯგუფმა“ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სტუმარმასპინძლობის ფრანგულ კომპანიასთან „ლუვრ ჰოთელს ჯგუფთან“ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმებაზე BMG-სთან Schuchmann Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილი და Louvre Hotels Group MENA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფაჰად კაზიმიმ ისაუბრეს.
მემორანდუმის მიხედვით, 2026 წლიდან „შუხმანის“ სასტუმრო და ვილები Hotels & Préférence-ის საერთაშორისო ქსელს შეუერთდება. ეს ბრენდი „ლუვრ ჰოთელს ჯგუფის“ პრემიუმ კლასის კატეგორიაა, რაც პარტნიორების შეფასებით, კახეთში არსებულ ტურისტულ დეველოპმენტს სრულიად ახალ სტანდარტზე გადაიყვანს.

თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება რეგიონის დეველოპმენტის მხარდაჭერაა. როგორც ცნობილია, მემორანდუმი კახეთში „გოლდენ ტულიპის“ ბრენდის ქვეშ ახალი სასტუმრო პროექტების განხორციელებასაც ითვალისწინებს.
"ჩვენი პარტნიორობა ლუვრის სასტუმროების ჯგუფთან, სტუმართმასპინძლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო მოთამაშესთან და სტანდარტების შემქნელთან, აძლიერებს საინტერესო კავშირს გლობალურ გამოცდილებასა და ქართულ ავთენტურობას შორის", - თქვა Schuchmann Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა.

„შუხმანის შატო“, რომელიც 2008 წელს დაარსდა, შეხვედრების და სხვადასხვა სადღესასწაულო წვეულებების, მაღალი კლასის მიღებების და მნიშვნელოვანი ღონისძებების მთავარი შეხვედრების ადგილია რეგიონში. სწორედ ამ სივრცეში, „ლუვრ ჰოთელს ჯგუფის” წარმომადგენლებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ის გარემო და მასპინძლობის კულტურა, რომელსაც ტურისტული ობიექტი სულ მალე პრესტიჟული ბრენდის ქვეშ საერთაშორისო მოგზაურებს შესთავაზებს.
როგორც Louvre Hotels Group MENA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფაჰად კაზიმიმ თქვა, ფრანგული მხარე დარწმუნებულია, რომ შუხმანის კომპლექსი იდეალურად ერგება მათი ბრენდის ფილოსოფიას – ადგილობრივი კულტურისა და მაღალი კლასის მომსახურების სინთეზს.
„ყოველი ახალი პროექტი არის შესაძლებლობა ჩამოაყალიბოს სტუმართმასპინძლობა, რომელიც ასახავს როგორც ადგილს, ასევე მიზანს. ეს პროექტები ქმნის ბალანსს ქართულ სტუმართმოყვარეობასა და გლობალურ სტანდარტებს შორის. აქ ერთიანდება სითბო, კულტურა, არქიტექტურა, გასტრონომია და ყველაფერი ის, რაც კახეთს უნიკალურ ტურისტულ დესტინაციად აქცევს“, – განაცხადა ფაჰად კაზიმმა.

ინფორმაციისთვის, „ლუვრ ჰოთელს ჯგუფი“ არის გლობალური სასტუმრო ბრენდი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1,700-ზე მეტ სასტუმროს მართავს და სექტორის ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ ითვლება. რაც შეეხება „შუხმან ჯგუფს“, კისისხევში მდებარე 8 ჰექტარზე გაშენებული ტურისტული კომპლექსი Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA მოიცავს 20-ნომრიან სასტუმროსა და ავთენტური არქიტექტურის ვილების კომპლექსს. ინფრასტრუქტურა ასევე უზრუნველყოფს ღვინის საწარმოს, ქვევრის მარნებს, ადგილობრივ კვებაზე დაფუძნებულ რესტორანს, სადეგუსტაციო სივრცეებს, ღვინის ბარს, ღვინის სპას, ღია და დახურულ აუზებს, სავარჯიშო დარბაზს, დასვენებისა და გასართობ მიდამოებს, ასევე საკონფერენციო დარბაზს.




























