შუქრუთელები პარლამენტიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ სოლიდარობის მარშს მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, შუქრუთელები არ უნდა იყვნენ ღირსება შელახული და ისინი სიმართლეს ითხოვენ.
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები მაღაროების მმართველი კომპანიის წინააღმდეგ გამოსვლებს მართავენ. სექტემბრიდან პროტესტის ნაწილმა თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა.
აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა.
მაღაროების მმართველი “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია” აღნიშნულთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ შუქრუთელების უმრავლესობისთვის კომპანიას თანხა უკვე გადახდილი აქვს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროტესტი სამოქალაქო საზოგადოების მიერ არის მართული და მენეჯმენტი საკითხიტ დაინტერესებულ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრაზე იწვევს.