შუქრუთელების პროტესტი თბილისში დასრულდა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტში გაგრძელდება, იქ საიდანაც მიმდინარე წლის 11 სექტემბერს აქციამ თბილისში გადმოინაცვლა.
"ჩვენთან მოლაპარაკება არ შედგა. ისეთს არაფერს ვითხოვდით, ვითხოვთ მხოლოდ სამხარაულის შემოწმებას და ამ შემოწმების სრულ ანაზღაურებას ჩვენი სახლების და მიწების. ახლა იქ ვბრუნდებით საიდანაც წამოვედით და მაღაროს პიკეტირებას იქ მანამ ვაგრძელებთ, სანამ პრობლემა არ მოგვარდება. 10 წელიც რომ დაგვჭირდეს მაღარო არ იმუშავებს მანამ ჩვენი პრობლემები არ მოგვარდება", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ცნობისთვის: შუქრუთელებმა 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს თუმცა მათ კობახიძე არ შეხვედრია. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ. შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
მათი მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც. თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს.