მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

არჩევნები შვედეთში

შვედეთში დღეს საპარლამენტო, რეგიონული და მუნიციპალური არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება, თუმცა წინასწარი ხმის მიცემის პროცესი 26 აგვისტოდან მიმდინარეობდა.

არჩევნების მთავარი ინტერესი ის არის, შეძლებს თუ არა მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი ხელისუფლების დაბრუნებას, თუ ქვეყნის სათავეში მემარჯვენე კოალიცია დარჩება.

პოლიტიკური ძალთა ბალანსი

  • მემარჯვენე ბლოკი: მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის „ზომიერები“ (Moderates), „ქრისტიან-დემოკრატები“, „ლიბერალები“ და „შვედი დემოკრატები“. 2022 წლიდან „შვედი დემოკრატები“ მთავრობას პარლამენტიდან უჭერდნენ მხარს, თუმცა ამჯერად კრისტერსონს სურს, ისინი ოფიციალურად შეიყვანოს სამთავრობო კაბინეტში.
  • მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი: სათავეში უდგას ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი და აერთიანებს „სოციალ-დემოკრატებს“, „მემარცხენე პარტიასა“ და „მწვანეებს“, რომელთაც შესაძლოა „ცენტრისტული პარტიაც“ შეუერთდეს.

ბოლო კვლევების (Ipsos, Demoskop, Indikator) თანახმად, მემარცხენე ბლოკს მხარს ამომრჩეველთა 49.3%-დან 50.8%-მდე უჭერს, ხოლო მემარჯვენეებს - 47.6%-დან 49%-მდე. მიუხედავად იმისა, რომ მემარცხენეები ლიდერობენ, ბოლო კვირებში სხვაობა საგრძნობლად შემცირდა.

საარჩევნო დებატების ცენტრალურ საკითხად კვლავ მიგრაცია რჩება. 2015 წლის ლტოლვილთა კრიზისის დროს შვედეთმა 163 000 თავშესაფრის მაძიებელი მიიღო, რამაც მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

მას შემდეგ შვედეთმა მკვეთრად გაამკაცრა მიგრაციული პოლიტიკა. მოქმედმა მთავრობამ დააწესა ბინადრობისა და მოქალაქეობის მიღების მკაცრი წესები, ხოლო მიმდინარე წელს წახალისების სახით 36 000 დოლარის გადახდაც კი დაიწყო იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებაზე თანხმდებიან.

შვედეთის 349 ადგილიან პარლამანეტში უმრაველოსობისთვის 175 მანდატია საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები